სალომე სამადაშვილის თქმით, ბოიკოტის მიუხედავად, „ლელოს“ ფრაქცია საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას მისცემს
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის სხდომების მუშაობაში, ვიდრე ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას. თუმცა, მისივე თქმით, ბოიკოტის მიუხედავად, ხმას მისცემენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
„საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენ მივცემთ ხმას ყველა შემთხვევაში. მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, დღეს არის მთავარი გამოწვევა, ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, ამ სიცოცხლის დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომელიც უნდა გადაიჭრას საქართველოს პარლამენტში, მათ შორის უახლოეს მომავალში ველოდებით საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენ, ცხადია, ვაპირებთ, გამოვიყენოთ ჩვენი საპარლამენტო უფლებამოსილება ამ პოლიტიკური ცვლილებების მხარდასაჭერად. შესაბამისად, დღეს ფრაქციის არც ერთი წევრი – მამუკა ხაზარაძის პოზიცია იცით, არც ერთი სხვა წევრი გადაწყვეტილებას პარლამენტის დატოვების შესახებ არ იღებს. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, მოტივირებული პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი და დანიშნულება“, – განაცხადა სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.