სალომე სამადაშვილი - ყოველთვის, როდესაც დამცირებულია ქართული სახელმწიფო, გამარჯვებული არის რუსეთი
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშავილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მისი ინიციატივით ჩამოვიდა საქართველოში.
„ჩემი ინიციატივით, ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის ორი წევრი ჩამოვიდნენ დღეს საქართველოში, რათა შედგეს შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში. მთავარი თემა დღეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოძებნა იმ გამოსავლის, რომელიც არის მის გარშემო. მათ შორის, შიმშილობის პროცესი, რომელიც საფრთხეს უქმნის ორი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას სიცოცხლეს.
ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ გვაქვს ამ წუთამდე მიღებული პასუხი ამ დელეგაციის სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობის თაობაზე, შესაბამისი ნებართვის გაცემაზე იუსტიციის სამინისტროსგან. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ ეს შეხვედრა შედგეს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილი მიიჩნევს, რომ უნდა შედგეს საფუძვლიანი მსჯელობა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტების და კონსილიუმის ჩართულობით, როგორ შეიძლება, უახლოეს საათებში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად.
„მივესალმები განცხადებას იმაზე, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. მე მას შევხვდები დღეს საპატიმროში. უბრალოდ, ჩემი სურვილი იყო, მივსულიყავი საპატიმროში ევროპულ დელეგაციასთან ერთად, მაგრამ მათ ჯერ არ აქვთ შესაბამისი ნებართვა და იმედი მაქვს, დღის ბოლოს შევძლებთ რაიმე კონკრეტული შედეგის დადებას იმ მიმართულებით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს უზრუნველყოფილი.
მიუხედავად იმისა, ვის რა დამოკიდებულება აქვს სააკაშვილის მიმართ, ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არის დაკნინება ჩვენი სახელმწიფოსი. ეს ყველაფერი, ერთადერთი, ვისაც უხარია, არის ვლადიმერ პუტინი და ვნახეთ, როგორი ჟივილ-ხივილი იყო რუსეთის პროპაგანდისტულ მედიაში. ყოველთვის, როდესაც დამცირებულია ქართული სახელმწიფო, გამარჯვებული არის რუსეთი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.