სალომე სამადაშვილი - ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ამნისტიის კანონპროექტის საბოლოო ვერსია მაქსიმალურად ასახავდეს შეთანხმების სულისკვეთებას
სალომე სამადაშვილი - ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ამნისტიის კანონპროექტის საბოლოო ვერსია მაქსიმალურად ასახავდეს შეთანხმების სულისკვეთებას

აქტიურად ვმუშაობთ, რათა ამნისტიის კანონპროექტმა განიცადოს სახეცვლილება, რომელიც მას შესაბამისობაში მოიყვანს იმ სულისკვეთებასთან, რაც არის შეთანხმების დოკუმენტთან, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, ამ ეტაპზე არსებობს ორი პროექტი. ჩვენ ვმუშაობთ, ერთი მხრივ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ამნისტიის კანონპროექტის საბოლოო ვერსია იყოს იმგვარი, რომელიც მაქსიმალურად ასახავს შეთანხმების სულისკვეთებას. მეორე, ჩვენ წინ გვაქვს საპარლამენტო განხილვები და ამას სჭირდება შესაბამისი დრო, შესაბამისი პროცედურები. ჩვენ კიდევ ბევრი შესაძლებლობა გვექნება ამ კანონპროექტზე მსჯელობისაც, საჯარო განხილვისაც და შესაბამისი საზოგადოებრივი მსჯელობისა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად არსებობს შანსი, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ კანონპროექტები დაახლოვდეს, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა კანონპროექტი შესაბამისობაში მოვიდეს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებასთან.

„ნუ გავასწრებთ მოვლენებს. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, რათა აღნიშნულმა კანონპროექტმა განიცადოს შესაბამისი სახეცვლილება, რომელიც მას შესაბამისობაში მოიყვანს იმ სულისკვეთებასთან, რაც არის შეთანხმების დოკუმენტთან, რომელსაც ხელი მოვაწერეთ“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.