სალომე სამადაშვილი - ვერანაირი სამარცხვინო კამპანია ვერ გადაიტანს ყურადღებას ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანისგან, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
სალომე სამადაშვილი - ვერანაირი სამარცხვინო კამპანია ვერ გადაიტანს ყურადღებას ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანისგან, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ რუსეთის დავალებით მორიგ ჯერზე გამოაგორა ახალი კამპანია, როგორიც არის „გარეჯი საქართველოა“, დიახ, გარეჯი არის საქართველო და საქართველო იქნება ევროკავშირის სახელმწიფო, ოღონდ ამას ქართველი ხალხი მიაღწევს, მიუხედავად იმ ხელისუფლებისა, რომელიც დღეს მართავს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ვერანაირი სამარცხვინო კამპანია, როგორიც არის მორიგ ჯერზე გაცოცხლება მოსკოვში მომზადებული თემების, ვერ გადაიტანს ყურადღებას ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანისგან, რომ ქვეყანამ ამ წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი.

„მსურს, საზოგადოების ყურადღება მივაპყრო ტენდენციას, რომელიც უკვე ძალიან მყარად ჩამოყალიბდა როგორც ევროკავშირში, ასევე აშშ-ში, როდესაც ჩვენი პარტნიორები ძალიან ხმამაღლა საუბრობენ, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის არჩევანს, ქართველი ხალხის ნებას, იყოს ცივილიზებული დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. როდესაც მოსკოვში, რუსეთის დუმის წარმომადგენელი, ვინმე კალაშნიკოვი საუბრობს, რომ დღის წესრგიში უნდა დადგეს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, უვიზო მიმოსვლა, ამის პარალელურად, მსურს, საზოგადოებას შევახსენო, გუშინ აშშ-ის სენატში, საგარეო კომიტეტში ხმამაღალი განცხადება გაკეთდა, რომ, დიახ, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, არის დასავლეთი, მაგრამ დღეს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომლის პოლიტიკაც მიზანმიმართულად ხელს უშლის ამ დღის წესრიგს. ამასთან ერთად, მინდა, აუცილებლად აღვნიშნო ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ხალხს და ქვეყანას აქვს აშშ-დან, სადაც სენატში ასევე გაჟღერდა წინადადება, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ ცენტრად, რაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნისთვის უამრავ ახალ შესაძლებლობას. ჩვენსა და ჩვენს ევროპულ მომავალს შორის დღეს არის ერთადერთი დაბრკოლება, ეს არის „ქართული ოცნება“. სწორედ ამიტომ არის, რომ რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ რუსეთის დავალებით მორიგ ჯერზე გამოაგორა ახალი კამპანია, როგორიც არის „გარეჯი საქართველოა“. დიახ, გარეჯი არის საქართველო და საქართველო იქნება ევროკავშირის სახელმწიფო, ოღონდ ამას ქართველი ხალხი მიაღწევს მიუხედავად იმ ხელისუფლებისა, რომელიც დღეს მართავს ჩვენს ქვეყანას.

მინდა, ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ვერანაირი სამარცხვინო კამპანია, როგორიც არის მორიგ ჯერზე გაცოცხლება მოსკოვში მომზადებული თემების, როგორიც არის „გარეჯი საქართველოა“, მორიგ ჯერზე საუბარი, რომ ახლა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოდანაც უნდა გააძევონ და ამით შექმნან დამატებითი პრობლემა, ვერ გადაიტანს ყურადღებას ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანისგან, რომ ქვეყანამ ამ წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა სამადაშვილმა.