სალომე სამადაშვილი - შეთანხმების წინააღმდეგ პროპაგანდა ანტიდასავლურად მიმაჩნია
სალომე სამადაშვილი - შეთანხმების წინააღმდეგ პროპაგანდა ანტიდასავლურად მიმაჩნია

ამნისტიის კანონპროექტით მომავალში ინდულგენცია არავის ექნება, – ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მაკო გომურის საქმეზე პასუხისმგებელი სამართალდამცველის ან ბრძანების გამცემი პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმეები არც აღძრულა, შესაბამისად ამნისტიის კანონპროექტი მათ ვერ შეეხება.

არავინაპირებს ინდულგენციების გაცემას მაკო გომურის დასახიჩრებაზე პოლიციელისთვის. ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით საუბარი არის კონკრეტულ საქმეებზე, სადაც უკვე აღძრულია სისხლის სამართლებრივი დევნა. საუბარი არის, რომ ამნისტია შეეხება კონკრეტულ პირებს. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ არავის აღუძრავს საქმე არც მაკო გომურის დასახიჩრებაზე პასუხისმგებელ პირთან მიმართებაში, არც ბრძანების გამცემ პირებთან დაკავშირებით და საერთოდ დაზარალებულის სტატუსიც კი ვისთვის აქვს მინიჭებული „ქართულ ოცნებას“, დღემდე დაუდგენელია.

არავის აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს გამოიძიებს და რაიმე ადეკვატური რეაგირება ექნება 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. მომავალში არავის არანაირი ინდულგენცია ამ კანონპროექტით არ ექნება. მინდა, რომ ეს ყველას კარგად ესმოდეს.

ჩვენ საუბარი გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მათი აზრი მოვისმინოთ სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით, მათ როგორ ესახებათ სწორი გზა, ჩვენ ყველანაირად დავიცვათ ის ინტერესები, რაც აქვთ დაზარალებულებსაც, საზოგადოებას იმისთვის, რომ 20 ივნისი მოვლენები მომავალში არ დარჩეს შესაბამისი რეაგირების გარეშე.“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე შეფასებით, პარტიებს შორის დადებული შეთანხმების წინააღმდეგ პროპაგანდას ანტიდასავლური სახე აქვს.

„თქვენ ნახეთ სენატის რეზოლუციის პროექტი და ნახეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფისთვის, ამ შეთანხმების რეალიზაციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამიტომ მიმაჩნია რომ ყველანაირი პროპაგანდა ამ შეთანხმების წინააღმდეგ უკვე ანტიდასავლური პროპაგანდის სახეს ატარებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.