სალომე სამადაშვილი - შეთანხმება თუ ჩაიშლება და ერთპარტიულ პარლამენტამდე მივალთ, საერთაშორისო პარტნიორების სტრატეგია, რა თქმა უნდა, შეიცვლება
სალომე სამადაშვილი - შეთანხმება თუ ჩაიშლება და ერთპარტიულ პარლამენტამდე მივალთ, საერთაშორისო პარტნიორების სტრატეგია, რა თქმა უნდა, შეიცვლება

შეთანხმება თუ ჩაიშლება და ერთპარტიულ პარლამენტამდე მივალთ, საერთაშორისო პარტნიორების სტრატეგია, რა თქმა უნდა, შეიცვლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ შედგება, ოპოზიცია მოთხოვნებს არ შეცვლის და საერთაშორისო ზეწოლის მობილიზებას განაგრძობს, რათა შედეგს, ვადამდელ არჩევნებს მიაღწიოს, რაც ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა რესურსს ხედავს საერთაშორისო ზეწოლის მობილიზების კუთხით, რადგან ის, რაც აქამდე საერთაშორისო მხრიდან ხდება, ხელისუფლებაზე ზეწოლის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო რეაქცია იმ პროცესებზეა დამოკიდებული, რაც ქვეყანაში ხდება და თუ შეთანხმება ჩაიშლება და ერთპარტიულ პარლამენტამდე მივალთ, საერთაშორისო პარტნიორების სტრატეგია, რა თქმა უნდა, შეიცვლება.

„მინდა, ანალოგი მოვიყვანო. მაგალითად, რაც სერბეთში მოხდა. იქაც ჩართული იყო საერთაშორისო თანამეგობრობა, არჩევნებამდე ცვლილებებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. იმის მიუხედავად, რომ ერთპარტიული პარლამენტი არ იყო არჩეული და პარლამენტში ერთი ოპოზიციური პარტია აღმოჩნდა, არჩევნებით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტა; საერთაშორისო თანამეგობრობამ უკვე არჩევნების შემდეგ გააგრძელა ხელისუფლებაზე ზეწოლა და საბოლოოდ, ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოუწია. ვფიქრობ, ჩვენ რეალობაშიც ანალოგიური პროცესები განვითარდება“, – განაცხადა სამადაშვილმა. 

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ უნდა წავიდეს ხელისუფლება დათმობაზე და დათმოს ძალაუფლება მაშინ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ დგას და ოპოზიციამ არჩევნების ტოტალურად გაყალბების არგუმენტები ვერ წარმოადგინა, სამადაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და არა ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების დათმობას.

მისი თქმით, ხელისუფლებას ვადამდელ არჩევნებზე წასვლა ყველა შემთხვევაში მოუწევს.

„ჩემთვის გაუგებარია „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ არაფერს არ დათმობს, შესაბამისად, შეთანხმება არ შედგება, მანდატები გაუქმდება და ერთპარტიული პარლამენტი იქნება. თუ ასე იქნება, ალბათ, რამდენიმე თვე შეძლებენ, ქვეყნის მართვა ასე გააგრძელონ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილმა პარტიის ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ შეძლო, საგრძნობლად გაეზარდა მხარდამჭერთა რაოდენობა.

„ის გასცდა „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციულ მხარდამჭერებს და მის გარშემო ბევრი სხვა ადამიანი გააერთიანა. ვფიქრობ, დღეს ეს სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ – გახსნა და გარშემო ახალი ადამიანების შემოკრება. მელიას ხედვაც ასეთია და იმედი მაქვს, ეს პროცესი უკვე პარტიის დონეზე წავა და არა მხოლოდ მაჟორიტარული ოლქის დონეზე, სადაც მელია კენჭს იყრიდა“, – განაცხადა სამადაშვილმა.