სალომე სამადაშვილი - შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევით მოსამართლეების დანიშვნა ჩვენი პარტნიორების მიერ აღქმულია როგორც სილა, რომელიც მათ „ქართულმა ოცნებამ“ უთავაზა
სალომე სამადაშვილი - შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევით მოსამართლეების დანიშვნა ჩვენი პარტნიორების მიერ აღქმულია როგორც სილა, რომელიც მათ „ქართულმა ოცნებამ“ უთავაზა

შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევით მოსამართლეების დანიშვნა ჩვენი პარტნიორების მიერ აღქმულია როგორც სილა, რომელიც მათ „ქართულმა ოცნებამ“ უთავაზა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე სახელმწიფო მდივნისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არ ახსენდება დასავლეთის ასეთი მწვავე რეაგირება გასული ცხრა წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე.

„შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევით მოსამართლეების დანიშვნა იყო პირდაპირი სილა, რომელიც ასე იყო აღქმული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, სილა, რომელიც მათ უთავაზა „ქართულმა ოცნებამ“. ცხადია, ეს არ დარჩება შესაბამისი პასუხის გარეშე. მიშელის დოკუმენტის შესრულება გახდა ის საზომი, რომლითაც გაიზომება ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნება“ გააკეთებს უახლოეს მომავალში. ამ დოკუმენტის დარღვევას ექნება ძალიან სერიოზული შედეგები. ფაქტობრივად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გაფრთხილება დახმარების შეჩერებაზე ევროკომისიიდან მიღებული აქვს „ქართულ ოცნებას“. შესაძლო სანქციების შესახებ გაფრთხილება მიღებული აქვს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან. დასავლეთის ამაზე უფრო მწვავე რეაგირება „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე, გასული ცხრა წლის განმავლობაში არ მახსენდება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.

ამასთან, სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ღრმად შეწუხებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და აღნიშნა, რომ „აშშ-ის მთავრობის განცხადებები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რაც ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული“.