სალომე სამადაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვა რუსეთის ინტერესებში შედის
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვა რუსეთის ინტერესებში შედის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლებში სრულიად არათანამიმდევრული პოლიტიკა აწარმოა აზერბაიჯანთან დაკავშირებით.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვა და პრობლემების შექმნა ერთადერთი სახელმწიფოს, რუსეთის ინტერესებში შედის. ამიტომ, ყველა ადამიანს, ვინც დავით გარეჯზე განცხადებებს აკეთებს და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას გეგმავს, ის საფრთხე უნდა ახსოვდეს, რომელსაც ჩვენს ქვეყანას უქმნის დაძაბულობის შექმნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს, ასევე მთავრობას, რომელმაც უკანასკნელი წლების განმავლობაში სრულიად არათანამიმდევრული პოლიტიკა აწარმოა აზერბაიჯანთან დაკავშირებით. ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები გააფუჭა აზერბაიჯანთან მათ შორის გაზთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში. სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იყო დამაგვირგვინებელი აკორდი ამ ურთიერთობების გაფუჭებაში. დღეს რაც დავით გარეჯში ხდება, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთიანად ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასა და ივანიშვილის მიერ ხელდასმულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკისრება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.