სალომე სამადაშვილი საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს - როგორ ბედავთ, რომ ამ შეკითხვას მისვამთ [ვიდეო]

ეს არის სირცხვილი, მესმის, რომ ხელისუფლება გიხდით ხელფასს, – ასე მიმართა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს, ანა ბროლაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, რომან გოცირიძემ და სალომე სამადაშვილმა პარლამენტის შენობაში ბრიფინგი გამართეს, რა დროსაც ჟურნალისტმა მათ ჰკითხა: „ხომ არ ფიქრობთ, რომ პროცესების დაძაბვა გამოიწვია ნიკა მელიას მოწოდება, რომ პარლამენტისკენ დაძრულიყვნენ, რადგან სამართალდამცველები თავის დაცვის რეჟიმში იყვნენ და აქციის დაშლა დაიწყო მას შემდეგ, რაც ძალიან დიდი დაპირისპირება იყო და ჩვენ ვხედავდით რა ხდებოდა პარლამენტის კედლებიდან?“

ჟურნალისტის კითხვას სალომე სამადაშვილმა სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა: „ახლა თქვენ რა შეკითხვასაც სვამთ, არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა ჩვენი მოქალაქეების, რომელსაც დასდევენ. ახლა ამ შენობის წინ დასდევენ ჩვენს მოქალაქეებს. უკაცრავად, შეგრცხვებათ ახლა თქვენ, ისტორიაში იწერება ეს ყველაფერი, ეს ხვალ უკვე თქვენთვის იქნება სირცხვილი, თქვენ შეიძლება არ იცით, ახლა რა ხდება გარეთ, ჩვენს მოქალაქეებზე ნადირობენ გახარიას ჯალათები“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტი დაინტერესდა 26 მაისს ნადირობდა თუ არა ხელისუფლება ხალხზე.

„26 მაისს არ ნადირობდნენ? 26 მაისს ვმუშაობდი გარეთ, მაშინ არ ნადირობდნენ?“, – მიმართა ჟურნალისტმა სამადაშვილს.

„ეს არის სირცხვილი, მესმის, რომ ხელისუფლება გიხდით ხელფასს. ჟურნალისტის მხრიდან სირცხვილია.  ჩვენს ქვეყანაში დღეს ჯალათები ნადირობენ საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოს ქუჩებში. თქვენ არ გინახავთ კადრები? როგორ ბედავთ, რომ ამ შეკითხვას მისვამთ, როგორ ბედავთ, სირცხვილია, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია თქვენ ხელფასს გიხდით ქართველი ხალხი, მათ შორის ის ხალხი, რომელიც დღეს დგას ქუჩაში და რომელზეც ნადირობენ გახარიას ჯალათები. კიდევ ერთხელ გეუბნებით ქუჩაში აღარ არის ხალხი, თითო-თითო ადამიანზე დასდევს გახარიას ჯალათები და ესვრიან ტყვიას“, – აღნიშნა სამადაშვილმა.