სალომე სამადაშვილი - საკუთარ თავთან და ქვეყანასთან არ ვიქნები მართალი, თუ არ დავაფიქსირებ მოსაზრებას, რომლისაც მჯერა
საკუთარ თავთან და ქვეყანასთან არ ვიქნები მართალი, თუ არ დავაფიქსირებ მოსაზრებას, რომლისაც მჯერა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მან განმარტა საკუთარი პოზიცია, რომ აღარ აპირებს მონაწილეობას არანაირ აქციაში, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს.
„ჩვენ ახლა ვართ დიდი საფრთხის წინაშე. საერთაშორისო დამკვირვებლებმა გვითხრეს, რომ შესაძლოა, ქვეყანამ დაკარგოს მთავარი მონაპოვარი, რაც არის დემოკრატია. ჩვენს ყველა ნაბიჯს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, მათ შორის, საპროტესტო აქციებს. მე აქციებს მხარს ვუჭერ და აუცილებლად უნდა გაიმართოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აქციების გზავნილი იყოს ისეთი, რომელიც გააერთიანებს ოპოზიციის ფართო სპექტრს და ამ მოთხოვნების უკან დადგებიან არა მარტო პოლიტიკური ძალები, არამედ არასამთავრობოები და ყველა, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს.
მიმაჩნია, რომ გზავნილი – ჩვენი პრეზიდენტი სხვა არის ინაუგურაციის დღეს ვერ იქნება გამაერთიანებელი გზავნილი. ეს არის ჩემი პირადი შეხედულება. მე ამ შეხედულებით არავის დავპირისპირებივარ. ეს არის ჩემი მოსაზრება. დღეს ჩვენ ვკონცენტრირდეთ ისეთ მოთხოვნებზე, რომელიც არის მომავლისთვის განკუთვნილი.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა შეიცვალოს საპარლამენტო სისტემა. მე არ ვთვლი, რომ დღევანდელი ძალთა კონფიგურაცია პარლამენტში ასახავს რეალობას, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და ეს უნდა იყოს გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი გზავნილი. ეს არის ვადამდელი არჩევნები და ვადამდელი არჩევნებისთვის პოლიტიკური სისტემის შეცვლა, რადგან საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციულ სისტემაზე თუ არ გადავედით, მაშინ როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, უფრო ღრმა კრიზისში შევალთ. ეს არის ჩემი მოსაზრება. მე ვფიქრობ, რომ ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი. ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს ოთხი მილიონი ადამიანი, მათ შორის, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ ინდივიდუალური პოლიტიკოსების მოსაზრებები ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. მე დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება საზოგადოებისთვის. მართლა ვფიქრობ, რომ საქართველო დემოკრატია დგას ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. მე არც საკუთარ თავთან და არც ჩემს ქვეყანასთან არ ვიქნები მართალი, თუ არ დავაფიქსირებ იმ მოსაზრებას, რომლისაც მჯერა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.