სალომე სამადაშვილი - სახელმწიფოში, რომელიც გვითვალთვალებს, გვისმენს, გვართმევს პირად სივრცეს, ცხოვრება სახიფათო და საშიშია
სალომე სამადაშვილი - სახელმწიფოში, რომელიც გვითვალთვალებს, გვისმენს, გვართმევს პირად სივრცეს, ცხოვრება სახიფათო და საშიშია

სახელმწიფო, რომელიც არის აღწერილი სახალხო დამცველის ანგარიშში ცხადია, არ იქნება მიწვეული არც ნატო-ს სამიტზე, მას არც არანაირი მომავალი არა აქვს ევროკავშირში, რადგან ეს არის რეპრესიული რეჟიმი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, წინა მოწვევის ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტზე დამტკიცება იყო.

„წინა მოწვევის პარლამენტის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, თუ არა ერათადერთი იყო ის, რომ თქვენ დაგამტკიცეთ ამ პოსტზე. მათ შორის ერთობლივად, ოპოზიციის თანამონაწილეობით და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეეხება ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას კონსენსუსის საფუძველზე. რეალობა არის ის, რომ წლიდან წლამდე, ყოველ წელს ვისმენთ პარლამენტში სახალხო დამცველის მოხსენებას და ეს მოხსენება წლიდან წლამდე მძიმდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშის წაკითხვის შემდეგ, ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეშინდეს ამ სახელმწიფოში ცხოვრების.

„სახელმწიფოში, სადაც ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის ჩვენს უფლებას პირად სივრცეზე ყოველდღიურად და დაუსჯელად არღვევს სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც გვითვალთვალებს, რომელიც გვისმენს, რომელიც გვართმევს სივრცეს პირადი ცხოვრებისთვის, აი, ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება არის სახიფათო და არის საშიში. სახელმწიფო, რომელიც არის აღწერილი სახალხო დამცველის ანგარიშში ცხადია, არ იქნება მიწვეული არც ნატო-ს სამიტზე, მას არც არანაირი მომავალი არა აქვს ევროკავშირში, რადგან სახელმწიფო, რომელიც არის აღწერილი ამ ანგარიშში ძვირფასო კოლეგებო, ეს არის რეპრესიული რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც დგას კონტროლირებად სასამართლოზე, კონტროლირებად პროკურატურაზე და რეჟიმი, რომელიც იყენებს ყველა შესაძლებლობას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამ ანგარიშში საუბარია 2020 წელს მომხდარ ფაქტებზე. მათ შორის მაგალითად პირადად ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიულ ნაბიჯებზე. მე მაინტერესებს, სახალხო დამცველმა როდესაც მიმართა სახელმწიფოს, რომ გამოიძიოს უკანონო მიყურადების, მოსმენის და სავარაუდო თვალთვალის შემთხვევები, თქვენ როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც ევალება ადამიანის უფლებების დაცვა, თქვენ რას ფიქრობთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გამოიძიოს ეს საქმე.

„აქვს თუ არა უფლება ნებისმიერ პარლამენტის წევრს, იცოდეს, რომ პირად საუბარს თუ აწარმოებს სადმე, რაიმე კომუნიკაციის საშუალებით, მას აქვს უფლება, მისი პირადი სივრცის დაცვაზე. გვაქვს თუ არა ჩვენ უფლება, რომ შევხვდეთ მეგობარს მაგალითად, სადმე, აი აქ, პარლამენტის მიმდებარე კაფეში და ვისაუბროთ ისე, რომ თქვენი სუს-ის წარმომადგენლები არ დაგვსდევდნენ კუდში, არ იწერდნენ ჩვენს საუბარს. ძალიან მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი ბატონო თავმჯდომარე, რადგან სახალხო დამცველს შემიძლია, მხოლოდ მადლობა ვუთხრა, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა კიდევ ერთხელ წამოწია საკუთარ ანგარიშში. ეს ხელისუფლება თვლის, რომ აქვს უფლება ადამიანებს მოუსმინოს, ჩაიწეროს, უთვალთვალოს. როდესაც რეაგირებას არავინ არ ახდენს ამაზე, თქვენი რეკომენდაცია მსურს მოვისმინო, როგორც სახალხო დამცველის, გვაქვს თუ არა უფლება იმ უამრავ ადამიანს, მათ შორის მასმედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ვისი კონსტიტუციური უფლებაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, რომელიც არის დაცული როგორც გაერო-ს, ასევე ევროკავშირის საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, რომ უფლებების დასაცავად ჩვენ დავიწყოთ საერთაშორისო სამართლებრივი პროცედურები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. როდესაც სახელმწიფო არ იცავს საკონსტიტუციო უფლებებს და მეტიც არღვევს მათ სისტემატიურად, ცხადია, შენ უნდა მიმართო უფლების დასაცავად, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს. მაქვს ასეთი იდეა, რომ დავიწყოთ მუშაობა ერთობლივ ჯგუფურ განაცხადზე, რაც შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას ჩვენს ქვეყანაში. ვიდრე ჩვენ არ აღვადგენთ ამ უფლებას, ვერასდროს გამოვალთ იმ რეალობიდან, რომ ვიცხოვრებთ რაღაცა დისტოპიურ რომანში აღწერილ არა ნახევრადთავისუფალ, არამედ სრულად რეპრესირებულ საზოგადოებაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.