სალომე სამადაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლელ პარტნიორებს განუცხადა, რომ არ აინტერესებს სტრატეგიული ურთიერთობები არც ევროკავშირთან და არც აშშ-სთან
სალომე სამადაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლელ პარტნიორებს განუცხადა, რომ არ აინტერესებს სტრატეგიული ურთიერთობები არც ევროკავშირთან და არც აშშ-სთან

„ქართულმა ოცნებამ“ დასავლელ პარტნიორებს განუცხადა, რომ მას არ აინტერესებს სტრატეგიული ურთიერთობები არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან და მისი არჩევანი არ არის არც ევროპა, არც ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე დასავლელი პარტნიორების რეაგირება იყო ადეკვატური.

„სენატორების განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელო ხელისუფლება არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანს და ნებას – რაც შეეხება ჩვენს მომავალს დასავლეთში. ამ გამოხმაურებიდან ასევე დავინახეთ, რომ ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს „ქართულ ოცნებას“, რჩება ძალაში. „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმებიდან გასვლა არ ცვლის იმას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოლოდინი რჩება ამ შეთანხმების შესრულება. ამ ვითარებაში დასავლეთიდან ზეწოლა უნდა გაიზარდოს და ამ მიმართულებით არის ჩვენი მუშაობა საჭირო. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები, რომელიც აშკარაა, რომ ხელისუფლების ძალიან მწარე მარცხით დამთავრდება, გახდეს მართლაც ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟის დასაწყისი ჩვენს ქვეყანაში. ალტერნატივაა სრული ბოიკოტი და უარის თქმა ამ პროცესში მონაწილეობაზე. ვხედავ, ოპოზიციაში არის სხვადასხვა მოსაზრებები, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და ჩამოვყალიბდეთ საერთო სამოქმედო გეგმაზე“, – განაცხდა სამადაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.

დატოვე კომენტარი