სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ იგნორირებას უკეთებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებსა და მინიშნებებს
სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ იგნორირებას უკეთებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებსა და მინიშნებებს

ჩვენ ვნახეთ ამერიკის საელჩოს განცხადება, რომელიც არის ძალიან ნათელი განაცხადი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას მოეთხოვება პასუხისმგებლობა სამართლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, აშშ-ის განცხადების მიხედვით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების სამართლიანობას.

„მგონი, ძალიან ცხადი იყო ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის პოლიტიკა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების სამართლიანობას და თავისუფლების ხარისხს, როდესაც არ რეაგირებს ადეკვატურად მსგავსი ძალადობის ფაქტებზე, თუმცა ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ იგნორირებას უკეთებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებსა და მინიშნებებს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში“.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში და მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა.

გარდა ამისა, საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა პარტიას აქვს სამოქალაქო ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან გარემოს, რომელშიც მოქალაქეები შეძლებენ, იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე, გამოხატონ თავიანთი აზრი, რას ანიჭებენ უპირატესობას და აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები ძალადობისა და დაშინების საფრთხის გარეშე.