სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ გამოფხიზლდება ან მათ ელოდებათ მძიმე ბედი, სტრატეგიული მოკავშირეების ხელში ბევრი მექანიზმი არსებობს
სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ გამოფხიზლდება ან მათ ელოდებათ მძიმე ბედი, სტრატეგიული მოკავშირეების ხელში ბევრი მექანიზმი არსებობს

„ქართული ოცნება“ ან გამოფხიზლდება, გაახსენდება, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა არ უნდა გამოიყენოს ოპოზიციის დევნისთვის, განადგურებისთვის და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი უნდა აღადგინოს, ან, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, მათ ელოდებათ ძალიან მძიმე ბედი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სამდაშვილის თქმით, სტრატეგიული მოკავშირეების ხელში ბევრი მექანიზმი არსებობს.

„საუბრები, რომელიც გვაქვს არა მხოლოდ აქ წარმოდგენილ ელჩებთან, არამედ დედაქალაქებში, ჩვენი ქვეყნის მეგობრებთან, ამერიკის სენატში, კონგრესში, ევროპარლამენტში, გვარწმუნებს ერთ რამეში, რომ „ქართული ოცნება“ ან გამოფხიზლდება, გაახსენდება, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა არ უნდა გამოიყენოს ოპოზიციის დევნისთვის, განადგურებისთვის და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი უნდა აღადგინოს, ან მათ ელოდებათ ძალიან მძიმე ბედი, შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით.

ჩვენ საუბარი გვქონდა ბევრ სხვადასხვა მექანიზმზე, ბევრი სხვადასხვა მექანიზმი არსებობს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების ხელში იმისთვის, რომ განახორციელოს შესაბამისი ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს, არღვევს კანონის უზენაესობის პრინციპებს და დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს. ყველა ეს მექნიზმი შესაბამისად აუცილებლად ამუშავდება, თუ ჩვენ უახლოეს მომავალში „ქართული ოცნებისგან“ არ დავინახავთ პოლიტიკურ ნებას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს.

დღეს არ ვარ მზად, ვისაუბრო კონკრეტულ განვითარებაზე, რომელიც მოყვება დასავლეთში „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ უბრალოდ უარი თქვას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალზე, ამას შესაბამისი რეაგირება რომ ექნება, უკვე დღეს ხედავთ. ერთ დღეში საკმარისი რეაქციები მოვისმინეთ ყველა დონეზე და შემდეგ ამას მოყვება შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ აქამდე რომ არ მივიდეს, „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაბამისი მექანიზმები, რომ დაასრულოს ქვეყანაში პოლიტიკური დევნა, ასევე დავიწყოთ საუბარი, როგორ ვემზადებით თავისუფალი და დემოკრატიული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.