სალომე სამადაშვილი - პოზიციები თუ არ დაახლოვდა, მოლაპარაკების განახლებას აზრი არ ექნება
სალომე სამადაშვილი - პოზიციები თუ არ დაახლოვდა, მოლაპარაკების განახლებას აზრი არ ექნება

მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაში რჩებიან პოლიტპატიმრები, არ გვითქვამს უარი მოლაპარაკების გაგრძელებაზე, თუ პოზიციების დაახლოება არ მოხდა, მოლაპარაკების განახლებას აზრი არ ექნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა და ვაშინგტონმა აქტიურად უნდა იმუშაონ მმართველ გუნდთან, რათა დაარწმუნონ, რომ მოლაპარაკებებზე მივიდეს ისეთი წინადადებით, რომელიც შექმნის სივრცეს შეთანხმებისთვის. სამადაშვილის თქმით, შესაძლოა, ამის შემდეგ მორიგმა რაუნდმა შედეგი გამოიღოს.

„ოპოზიციის დღევანდელი სამომლაპარაკებლო პოზიცია დიდ სივრცეს ქმნის მოლაპარაკებისთვის, თუმცა მოლაპარაკებას სჭირდება ორი მხარე. „ქართული ოცნების“ პოზიციები მთლიანად იქნება დამოკიდებული იმ ზეწოლებზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორები განახორციელებენ ხელისუფლებაზე. დღეს უფრო, ვიდრე ოდესმე, ხელისუფლება დამოკიდებულია დასავლეთის დახმარებაზე, დასავლეთის პოლიტიკურ მხრადაჭერაზეც. თუ ისინი არ მოისმენენ რჩევას ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ჩემთვის ეს იქნება ძალიან ნათელი სიგნალი იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღიად და აშკარად გადაწყვიტა, ქვეყანა ჩამოაშოროს დასავლური განვითარების გზას და ქვეყანაში კიდევ უფრო გააღრმაოს ეკონომიკური, სოციალური კრიზისი და ამით მიეხმაროს რუსეთს საკუთარი პოლიტიკური ამოცანების განვითარებაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.