სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, აცდენილია რეალობას, დაუფიქრებელი განცხადებებითა და ნაბიჯებით, „ქართული ოცნების“ პარალელურად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს
სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, აცდენილია რეალობას, დაუფიქრებელი განცხადებებითა და ნაბიჯებით, „ქართული ოცნების“ პარალელურად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს

„ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსმა ან პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველა ნაბიჯი შეიძლება განიხილოს, თუ ხედავს, რა იქნება ამა თუ იმ ნაბიჯის შედეგი.

სამადაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში ვერ ხედავს, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებამ, რომ წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას.

„ვერც იმას ვხედავ, რომ მცირერიცხოვანი აქციები რაიმე ზეგავლენას მოახდენს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. საააკაშვილის გათავისუფლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის გზით. ამიტომ ყველა ნაბიჯი, რომელიც პარტიის მდგომარეობას ასუსტებს დასავლეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით, ჩემი მხრიდან ვერ ჩაითვლება იმ ნაბიჯად, რომელიც დაეხმარება მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაში“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობა“ აცდენილია რეალობას.

„ეს პარტია სწორედ იმიტომ დავტოვე, რომ მათი პოლიტიკა არა დღეს, არამედ უკვე დიდი ხანია, ჩემთვის გაუგებარია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოტაჟი მოუწყო შარლ მიშელის შეთანხმებას, როცა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და ამით „ქართულ ოცნებას“ გაუადვილა, შეთანხმება ჩაეშალა. მიშელის შეთანხმება რომ შესრულებულიყო, დღეს კანდიდატის სტატუსი გვექნებოდა მიღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღია ხალხი, რომლებმაც ალბათ სააკაშვილი დაარწმუნეს, რომ საქართველოში ჩამოსულიყო და სხვა მოლოდინები შეუქმნეს. ამ ქვეყანაში, დიდი ხანია, ეს პარტია აცდენილია რეალობას და ამიტომ დავტოვე. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დაუფიქრებელი განცხადებებით და ნაბიჯებით, საკუთარი გაუაზრებელი და დაუგეგმავი პოზიციებით, „ქართული ოცნების“ პარალელურად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.