სალომე სამადაშვილი - მოვუწოდებ, მათ შორის, ხელისუფლებას, შეწყვიტონ ევროპული მომავლის საბოტაჟი, „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყოს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება
სალომე სამადაშვილი - მოვუწოდებ, მათ შორის, ხელისუფლებას, შეწყვიტონ ევროპული მომავლის საბოტაჟი, „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყოს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება

„ლელოს“ წევრ სალომე სამადაშვილის შეფასებით, მიმდინარე კვირაში ხელისუფლების წარმომადგენლების ევროპულ დედაქალაქებში ვიზიტი პოლიტიკური კრახი იყო.

მისივე თქმით, შეხვედრების დასრულების შემდეგ მოისმინა განცხადებები, რომ საქართველოში დღემდე შეუსრულებელი რჩება მნიშვნელოვანი მოთხოვნები. სამადაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, „შეწყვიტოს ევროპული მომავლის საბოტაჟი“.

„გუშინ საზოგადოებრივი აზრის კვლევამ დაადასტურა, რომ რუსეთის და მათი მოკავშირე „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა, ანტიევროპულმა პროპაგანდამ არ იმუშავა და ქართველმა ხალხმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მისი ქვეყნის მომავალი დაკავშირებულია ევროკავშირთან. იცის, რომ მშვიდობა, კეთილდღეობა, დაცულობა დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში წარმატებით გაწევრიანებასთან. ამ ფონზე, მინდა, განსაკუთრებული განგაშით აღვნიშნო ის ვიზიტები, რომლებიც მიმდინარე კვირას განხორციელდა ევროპულ დედაქალაქებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ამ ვიზიტების შედეგი შეიძლება, აღვწეროთ ერთი წინადადებით: სრული პოლიტიკური კრახი. უახლოეს კვირებში უნდა გამოქვეყნდეს ევროკავშირის შუალედური შეფასება, როგორ ასრულებს ქვეყანა ევროკავშირის მოთხოვნებს. სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ არცერთი შეხვედრის შემდეგ, არც პრემიერ-მინისტრის, არც საგარეო საქმეთა მინისტრის და არც პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების შედეგად ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება. განცხადება უნდა ყოფილიყო, რომ საქართველომ დიდწილად უკვე შეასრულა ყველა მოთხოვნა და მოლოდინი აქვთ პოზიტიური, რომ ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ამის ნაცვლად, მოვისმინეთ შეფასებები, რომ ბურთი არის საქართველოს ხელისუფლების მოედანზე, დღემდე შეუსრულებელი რჩება მნიშვნელოვანი მოთხოვნები, რაც უკავშირდება კანონის უზენაესობას, ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და ადამიანის უფლებების დაცვას. მეტიც – ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საერთოდ არ მიიჩნია საჭიროდ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაემართა პრემიერ-მინისტრთან. როგორც ჩანს, მას პოზიტიური სათქმელი არაფერი ჰქონდა. ერთადერთი შეფასება, რაც კეთდება, არის მოწოდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულოს 12-პუნქტიანი მოთხოვნები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის, ხელისუფლებას, შეწყვიტონ ევროპული მომავლის საბოტაჟი. მომავალ კვირას პარლამენტში კენჭი უნდა ვუყაროთ და დავამტკიცოთ საგამოძიებო კომისია მოსამართლეების კლანის კორუფციის საკითხზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, დაიწყოს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ ელოდება სრული პოლიტიკური განადგურება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.