სალომე სამადაშვილი - მნიშვნელოვანია, ნატო-ს სამიტზე განმეორდეს გზავნილი, რომ საქართველო ნატო-ს წევრი უნდა გახდეს
სალომე სამადაშვილი - მნიშვნელოვანია, ნატო-ს სამიტზე განმეორდეს გზავნილი, რომ საქართველო ნატო-ს წევრი უნდა გახდეს

ძალიან მნიშვნელოვანია, ნატო-ს სამიტზე კიდევ ერთხელ განმეორდეს გზავნილი, რომელიც ბუქარესტის სამიტზე მოვისმინეთ, სადაც დოკუმენტში ნათლად ჩაიწერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი უნდა გახდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არის ეროვნული თანხმობის თემა. სამადაშვილი ამბობს, რომ ნატო-ში გაწევრიანების გარეშე საქართველოს განვითარების შანსი არ აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ სამიტზე არ ვმონაწილეობთ, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მომავალი, როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოსი, არის შეუქცევადი, რაც კარგია. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ საკმარისი ძალისხმევა არ გასწია იმისთვის, რომ მიღებულიყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ სამიტზე არა მხოლოდ დეკლარირება მიგვეღო, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, არამედ შესაბამისი ნაბიჯები გადაგვედგა.

ჩვენი ამოცანა იქნება, რომ 2022 წლის სამიტზე საქართველო არა მხოლოდ მიწვეული იყოს, არამედ გადაწყვეტილება იქნას მიღებული საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად. კარგია, რომ საქართველოს პარლამენტმა განცხადება მიიღო, რომლითაც ნატო-ს სამიტს მიმართა და მას ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა ხელი მოაწერა. ამ განცხადებით დავადასტურეთ, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არის ეროვნული თანხმობის თემა, მიუხედავად იმისა, რომ მიგვაჩნია, ხელისუფლება საკმარისს არ აკეთებს, რათა საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ნატო-ს წევრი. ნატო-ში გაწევრიანების გარეშე საქართველოს განვითარების შანსი არ აქვს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ყველაზე ეფექტურად მაშინ გადაწყდება, როცა ჩვენ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე რეალური შედეგის დადებას შევძლებთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.