სალომე სამადაშვილი - საქართველოში უნდა შედგეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა
სალომე სამადაშვილი - საქართველოში უნდა შედგეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

დღეს ერთად უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, დღეს საქართველოში უნდა შედგეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ვისაც შეუძლია, ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში.

„დღეს ჩვენ, რეალურად, ვცხოვრობთ პოლიტიკური ოკუპაციის რეჟიმში. საქართველოში რაც მოხდა, ეს არის გამეორება 1921 წლის სცენარის, უბრალოდ, ამ შემთხვევაში რუსეთი შემოვიდა საქართველოში არა საბჭოთა ჯარით და ტანკებით, არამედ გაყალბებული არჩევნებით ხელისუფლების უზურპაციის გზით. დღეს საქართველოს დისტანციურად მართავს ვლადიმერ პუტინი. ჩვენ ახლა ან ვიბრძოლებთ – მნიშვნელობა არ აქვს, პარტიები, ხალხი, თითოეული მოქალაქე, ვისაც შეუძლია სიარული, შეუძლია, ფეხზე ადგეს და გამოვიდეს ქუჩაში – ან ახლა დავიცავთ საქართველოს, ან სახელმწიფო კი არა, ამ ქვეყანაში ქართველი აღარ დარჩება, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს მოუწევს გაქცევა ამ ქვეყნიდან. ამიტომ მინდა, მივმართო ყველას, საჯარო მოხელეებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ დღეს ერთად უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ერთიანობა იქნება ამ ბრძოლაში. ეს არ არის ოპოზიციური რაღაც ბრძოლა, დღეს საქართველოში უნდა შედგეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ოკუპაციის პირობებში. ეს გითხრათ საქართველოს პრეზიდენტმა. არ მინდა, რომ ის დარჩეს ამ ქვეყნის უკანასკნელ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. განსაკუთრებით მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, მან იცის, რას ნიშნავს რესპუბლიკის დასრულება. პირველი რესპუბლიკა დაასრულა საბჭოთა ჯარმა, მეორე რესპუბლიკას ასრულებს საბჭოთა რუსული სპეცოპერაცია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.