სალომე სამადაშვილი - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვითხრა, რომ ამ შეთანხმების შესრულება მნიშვნელოვანია, რათა ევროკავშირმა საბოლოოდ არ ჩაიქნიოს ხელი იმაზე, რომ საქართველოს აქვს შანსი, გავიდეს ევროპულ ორბიტაზე
სალომე სამადაშვილი - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვითხრა, რომ ამ შეთანხმების შესრულება მნიშვნელოვანია, რათა ევროკავშირმა საბოლოოდ არ ჩაიქნიოს ხელი იმაზე, რომ საქართველოს აქვს შანსი, გავიდეს ევროპულ ორბიტაზე

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რამხელა მნიშვნელობა აქვს შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა სალომე სამადაშვილმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ​თან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან​ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა საქართველოში ლიეტუვის ელჩის რეზიდენციაში შედგა.

„ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ ეს არის შეთანხმება, რომლის უკანაც დგას ევროკავშირი და ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური წარმომადგენელი მიშელის სახით. მას მიაჩნია, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან. იგი მხარს უჭერს ყველა ნაბიჯს, რომელიც უკავშირდება შეთანხმების განხორციელებას. შესაბამისად, საუბარი გვქონდა ყველა იმ მიმდინარე, ასევე სამომავლო პრობლემებზე, რომელიც უკავშირდება ამ შეთანხმების შესრულებას.

რა თქმა უნდა, ასევე გვქონდა საუბარი ნიკა მელიას საქმეზე, რადგან ნიკა მელიას გათავისუფლება ეს არის შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ შეთანხმების შესრულებისას. გვქონდა განხილვა იმ შესაძლო გზების, თუ როგორ შეიძლება უზრუნველყოს ნიკას რაც შეიძლება სწრაფი გათავისუფლება“,- განაცხადა სამადაშვიმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

„საუბარი გვქონდა იმაზე, რა გამოწვევებია დღეს, უზარმაზარი გამოწვევები ჩვენი ქვეყნის წინაშე. მინისტრმა კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ ამ შეთანხმების შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვისაც, რომ ევროკავშირმა საბოლოოდ არ ჩაიქნიოს ხელი იმაზე, რომ საქართველოს აქვს მართლაც რაიმე რეალური შანსი, რომ გავიდეს ევროპულ ორბიტაზე. ამიტომ კიდევ ერთხელ მინისტრი მიესალმა ყველას, ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას. მან გამოთქვა იმედი, რომ შეთანხმებას შეუერთდება ყველა ოპოზიციური პარტია, რადგან ამ შეთანხმებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი საუკეთესო მეგობარი ქვეყანა, როგორიც არის ლიეტუვა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რათა საქართველო დაუახლოვდეს ევროპას. მათ ძალიან კარგად იციან, რომ თუ რუსეთი გაიმარჯვებს საქართველოში, მაშინ მეორე ხაზზე საფრთხის არიან სწორად ბალტიისპირეთის ქვეყნები. ამიტომ ეს არის სტრატეგიული თანამშრომლობა ამ ქვეყნებს შორის ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი გაწევრიანების თვალსაზრისით. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური გამოწვევები ჩვენ გვართმევს სწორედ ამ შანს, რაც უნდა გამოიყენებოდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ გასული თვეების მანძილზე ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია ის, რომ დღეს, როდესაც ყველა ძალიან ბევრს საუბრობს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაში წინ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯებზე, საქართველოს რაც შეეხება, საერთაშორისო დისკუსია შემოიფარგლება სწორად შიდაპოლიტიკური კრიზისის თემებით და ეს აზიანებს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში“,- განაცხადა სამადაშვილმა.