სალომე სამადაშვილი ლევან დავითაშვილის აშშ-ში ვიზიტზე - ჩვენი მეგობრების ამოცანაა, საქართველომ ისე გადალახოს კრიზისი, რომ მინიმალურად დაზიანდეს ხალხი, ამიტომ ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ასპექტია
ჩვენი მეგობრების ამოცანაა, ქვეყანამ გადალახოს ის უზარმაზარი კრიზისი, რომელიც ჩვენ წინაშე დგას ისე, რომ მინიმალურად დაზიანდეს ქართველი ხალხი. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ასპექტია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილი აღნიშნული განცხადებით საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამოეხმაურა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკური ბლოკის მიმართულებით თანამშრომლობა რომ აქტუალურია, ეს არის დასავლელი მეგობრების მხრიდან ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინება.
„„ქართული ოცნება“ მუდმივად ატყუებს საზოგადოებას და რეალურად, მათი განცხადებები არ ასახავს შეხვედრის არსს. ეს კარგად ვნახეთ, როდესაც მაკა ბოჭორიშვილმა ძალიან ბევრი ტყუილი უთხრა ხალხს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით. მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, რომლებიც აბსოლუტურად აცდენილი იყო ქართული მხარის განცხადებას. დღეს ჩვენ, საქართველო, ვდგავართ, მათ შორის, მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე. ჩვენი მეგობრების ამოცანაა, ქვეყანამ გადალახოს ის უზარმაზარი კრიზისი, რომელიც ჩვენ წინაშე დგას ისე, რომ მინიმალურად დაზიანდეს ქართველი ხალხი. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ასპექტია. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ საპირისპიროს უმტკიცებს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის მეგობრები, პარტნიორები და მხარდამჭერები არიან დასავლეთში, რომლებიც არ წყვეტენ გარკვეული მიმართულებით მუშაობას, რადგან ამის შედეგი იქნება უკიდურესი სიღარიბის სწრაფი გაზრდა ქვეყანაში და ეკონომიკის ჩამოშლა. ამიტომ, ეკონომიკური ბლოკის მიმართულებით თანამშრომლობა რომ აქტუალურია, ეს არის ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინება ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ დღეს ვაშინგტონში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ათწლეულის განმავლობაში პირველად ჩამოყალიბდება ძალიან მწყობრი პოლიტიკა წარმომადგენლობით ორგანოში „მეგობარი აქტის“ მიღების გზით. დარწმუნებული ვარ, ამერიკულ მხარეს ძალიან ბევრი სასაუბრო ექნებოდა იმ მოლოდინებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს არსებობს. რეალურად, რამდენიმე თვეში ახალი რეალობის წინაშე იქნება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის საინტერესოა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების აზრი, როგორ აპირებენ გაუმკლავდნენ ამ ახალ რეალობას“, – აღნიშნა სამადაშვილმა.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ლევან დავითაშვილი ასევე შეხვდა გლობალური ბაზრების მიმართულებით აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს, აშოკ პინტოს.