სალომე სამადაშვილი - ხვალაც იქნება საჭირო აქტიურობა, დღეს, ექვს საათზე გაიმართება კონსულტაციები არასამთავრობოების, მედიის, ოპოზიციის მონაწილეობით და შევაჯერებთ სამოქმედო გეგმას
სალომე სამადაშვილი - ხვალაც იქნება საჭირო აქტიურობა, დღეს, ექვს საათზე გაიმართება კონსულტაციები არასამთავრობოების, მედიის, ოპოზიციის მონაწილეობით და შევაჯერებთ სამოქმედო გეგმას

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საჭიროა აქტიურობის გაგრძელება, რათა ხელი შეუშალონ მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების მიღებას.

როგორც სამადაშვილმა ხატია დეკანოიძესთან, ხათუნა სამნიძესთან, თამარ კორძაიასთან და ანა ნაცვლიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მირ დაწყებულ პროცესში, რათა უფრო გაიზარდოს წინააღმდეგობის მოძრაობა.

სამადაშვილის განმარტებით, დღეს, ექვს საათზე გაიმართება კონსულტაციები შემდგომი სამოქმედო გეგმის შესაჯერებლად.

„პარლამენტის ბიურო დღეს ვერ შეიკრიბა და პლენარული სხდომის დღის წესრიგში ვერ შეიტანა რუსული კანონის განხილვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი საბოლოოდ ჩაშლილია. ხვალ, ათ საათზე ისევ ეცდებიან, რომ შეკრიბონ ბიურო და დღის წესრიგში შეიტანონ რუული კანონის განხილვა. ამიტომ ხვალაც იქნება საჭირო აქტიურობა. ჩვენ ვიქნებით აქ 10:00 საათზე, ასევე, ვისაც შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანია, ხვალ პარლამენტთან ქართველი ხალხის ხმა გაიგონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ჩვენს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება და ევროპული მომავლის წართმევა.

მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ყველა ინიციატივაში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მირ დაწყებულ პროცესში, რათა უფრო გაიზარდოს წინააღმდეგობის მოძრაობა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ დღეს, ექვს საათზე გაიმართება მნიშვნელოვანი კონსულტაციები არასამთავრობოების, მედიის, პოლიტიკური ოპოზიციის თანამონაწილეობით და ერთობლივად შევაჯერებთ შემდგომ სამოქმედო გეგმას“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.