სალომე სამადაშვილი - ჯერჯერობით პრობლემები გვაქვს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, გავაგრძელებთ შიდა კონსულტაციებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდეს
სალომე სამადაშვილი - ჯერჯერობით პრობლემები გვაქვს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, გავაგრძელებთ შიდა კონსულტაციებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდეს

დღევანდელი დოკუმენტი არის გარკვეულწილად გაუმჯობესება იმასთან შედარებით, რაზეც იყო საუბარი უკანასკნელი მოლაპარაკებების რაუნდზე, პოლიტპატიმრებთან მიმართებით ბევრად უფრო მკაფიო არის გზა მათი გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების თემაც აისახა დოკუმენტში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შარლს მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს განიხილავენ.

„გეტყვით პირდაპირ, რომ ჯერჯერობით გვაქვს პრობლემები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში შემოთავაზებულ დოკუმენტში რაც არის ასახული, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა და შიდა კონსულტაციები იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს საბოლოო პოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“. მე სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით, თუმცა ამავე დროს, დღეს ჩემთვის გაუგებარია, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ იმ შეთანხმების ხელმოწერას, რომელსაც ასე ელოდებიან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები. რადგან ისინი დღევანდელ შეხვედრაზე არ იყვნენ წარმოდგენილი, ეს აჩვენებს ზოგადად მათ დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, წინ ნაბიჯი გადაიდგა, გამოიკვეთა გზა, როგორ შეიძლება,  გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება სამომავლო პოლიტიკურ კურსზე, კონკრეტულად ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ვნახოთ რამდენად მისაღები აღმოჩნდება ეს პოზიცია ერთიანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, „აშკარაა, რომ დასავლეთი ელოდება შეთანხმებას და ეს შეთანხმება გულისხმობს სწორედ იმას, რომ ოპოზიციისთვის, ისევე როგორც ხელისუფლებისთვის საბოლოო ფორმულირებები უნდა იყოს მისაღები.

„ქართული ოცნების“ განაცხადი, რომ ისინი ხელს აწერდნენ დოკუმენტს, რომელთან მიმართებაშიც იყო რეზერვაციები ოპოზიციის მხრიდან, მათ მიუთითეს რომ ვერ იქნებოდა პრობლემის გადაჭრა და სწორედ ამის შედეგი არის ის, რომ დღეს წარმოდგენილი დოკუმენტი შინაარსობრივად თვისობრივად განსხვავდება იმისგან, რაც იდო მაგიდაზე წინა მოლაპარაკებების რაუნდზე. რატომ არ გამოცხადდა დღეს „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებზე, ჩემთვის პირადად გაურკვეველია. ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, ამიტომ შეთანხმებაზე დღეს ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან პრინციპში, უცნობია „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება წარმოდგენილი დოკუმენტის მიმართ“, – განაცხადა სამადაშვილმა.