სალომე სამადაშვილი - ივერი მელაშვილი ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანიის მსხვერპლია
სალომე სამადაშვილი - ივერი მელაშვილი ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანიის მსხვერპლია

ივერი მელაშვილი არის მის წინააღმდეგ ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანიის მსხვერპლი, ვაპირებ, რომ გარეჯის საქმეზე გამოვიყენო ყველა შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტი, მათ შორის საკომიტეტო მოსმენები, რომ დავიცვა ბატონი მელაშვილის და ქალბატონი ილიჩოვას უფლებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ აღნიშნულ საქმეზე სიმართლე უნდა გაიგოს.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, ეს არის რუსეთის დღის წესრიგი, ჩვენს ქვეყანაში პოლარიზების გაზრდა, სწორედ მსგავსი ფაქტების უზრუნველყოფა, რომ უბრალოდ ქუჩაში ადამიანებს თავს ესხმოდნენ და ფიზიკური შეხლა-შემოხლაც იყოს. რაც შეეხება ივერი მელაშვილს, რა თქმა უნდა, ის არის მსხვერპლი, მსხვერპლი ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანიის მის წინააღმდეგ და მე მინდა, განსაკუთრებით გამოვეხმაურო ბატონი ვოლსკის განცხადებას, როდესაც მან განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც არის სრულიად უდანაშაულო, თურმე უნდა მოერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას, ეს არის პირდაპირ ოხოკრატია, ამას რა თქმა უნდა, არავინ მოითმენს. ჩვენ, მათ შორის მე, აუცილებლად ვაპირებ, გაჟღერდა იდეა საგამოძიებო კომისიის შექმნის და თუ იქნება, მე არ ვიცი „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ რას გადაწყვეტს, შემოვა თუ არა პარლამენტში, მაგრამ ყველა შემთხვევაში მე ვაპირებ, რომ ამ საქმეზე, გარეჯის საქმეზე გამოვიყენო ყველა შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტი, მათ შორის საკომიტეტო მოსმენები, იმისთვის რომ დავიცვა ბატონი მელაშვილის და ქალბატონი ილიჩოვას უფლებები და ასევე საზოგადოებას მივცეთ შანსი, გაიგოს სიმართლე ამ სამარცხვინო რუსული პროპაგანდის ხელწერით აგორებულ კამპანიაზე“, – განაცხადა სამადაშვილმა.