სალომე სამადაშვილი - გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არასდროს განიხილებოდა და არც მომავალში იგეგმება
სალომე სამადაშვილი - გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არასდროს განიხილებოდა და არც მომავალში იგეგმება

პრემიერის პოსტზე შესაძლო კანდიდატი გიორგი ვაშაძე არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესაბამისი პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით.

„მე შემიძლია მხოლოდ დავადასტურო, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩრდილოვან კაბინეტში არასდროს განიხილებოდა, არც დღეს განიხილება და არც მომავალში იგეგემება ამ კანდიდატურის განხილვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. სხვა სუბიექტებს, იქნება ეს თაკო ჩარკვიანი თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს ამ საკითხებზე, მაგრამ ჩვენი პარტიის შესაძლო კანდიდატი გიორგი ვაშაძე არასდროს ყოფილა. რაც შეეხება საკითხს, იქნება თუ არა წარდგენილი, აქ მხოლოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე არ არის საუბარი. საუბარია ზოგადად ჩრდილოვან კაბინეტზე, ამაზე მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები და ვნახოთ, რა იქნება პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი და რა წაადგება ჩვენს პოლიტიკურ გამარჯვებას შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს ეს გაუგებრობას და დაძაბულობას „ძალა ერთობაშია“-ს წევრ პარტიებს შორის, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ახლა პოლიტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა ყველას უნდა ესმოდეს.

„მე ვფიქრობ, რომ დღეს, ვისაც მიაჩნია ჩვენი ქვეყნის მთავარ ამოცანად ბიძინა ივანიშვილის გასტუმრება ხელისუფლებიდან შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, მათ ესმით თანამშრომლობის და ერთიანი პოლიტიკური ფრონტის შენარჩუნების აუცილებლობა. შესაძლოა, რომ განსხვავებული აზრები იყოს, როგორ უნდა შედგეს ეს ერთიანი ფრონტი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ერთიანობის შენარჩუნება, ფიქრობ, უნდა ესმოდეს ყველას, ვისაც სურს ივანიშვილის დამარცხება არჩევნებში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 19 მაისს განაცხადა, რომ პრემიერობის კანდიდატად მის დასახელებაზე ოპოზიციაში საუბარი იყო, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის.