სალომე სამადაშვილი – შვედი დიპლომატის მისია ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირმა სტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებას
შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში იმ მისიით ჩამოდის, რომ დებატებში კი არ ჩაერთოს, არამედ პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმებას მიაღწიოს. თუ ვინმეს ილუზია ჰქონდა, რომ მიშელი გაემგზავრებოდა საქართველოდან და დაივიწყებდა ამ ფორმატს, რომელიც მისი ინიცირებული იყო, გამოცდილი შვედი დიპლომატის დანიშვნამ ან პოსტზე, ვფიქრობ, ნათელი გახადა, რომ ევროკავშირმა სტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკების პროცესში ჩართულობის ახალი მექანიზმი შედეგს გამოიღებს.
„მოლოდინი მაქვს, რომ ჩართულობის ეს ახალი მექანიზმი შესაბამის შედეგებს აუცილებლად მოიტანს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება ევროპარლამენტის პლენარულ სესიას, რომლის ფარგლებშიც დღეს ევროპარლამენტარები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატებს გამართავენ, სამადაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები ბევრ რამეს იტყვიან.
„ვფიქრობ, ევროპარლამენტარები საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს ძალიან ბევრ რამეს იტყვიან, ასე რომ, დებატებს დაველოდოთ და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ამასთან, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან დიალოგთან დაკავშირებითაც ისაუბრა. სამადაშვილი იმედოვნებს, ყველა საკითხი, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგისთვის მნიშვნელოვანია, განხილვისა და შეთანხმების საგანი გახდება.
„ველოდებით, რომ პატივს სცემენ იმ შეთანხმებას, რომელსაც ბატონი მიშელის აქ ყოფნის დროს მივაღწიეთ და ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, რაცაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები იქნება, განხილვის და შეთანხმების თემა. დრო იწურება „ქართული ოცნებისთვის“, რადგან პრემიერ-მინისტრს ძალიან გასაგებად უთხრეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, რომ 16-ში ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოზე ელოდებიან, რომ პრემიერი ჩავა შეთანხმებული სამოქმედო გეგმით. ასე რომ, „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, რომ შეთანხმება შედგეს“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია საუბარი.