სალომე სამადაშვილი - ევროპარლამენტში გუშინდელ დებატებზე საზოგადოებამ მკაფიოდ დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას“ არცერთი მოკავშირე არ ჰყავს ევროკავშირში
სალომე სამადაშვილი - ევროპარლამენტში გუშინდელ დებატებზე საზოგადოებამ მკაფიოდ დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას“ არცერთი მოკავშირე არ ჰყავს ევროკავშირში

ჩვენ გუშინ რაც მოვისმინეთ ევროპარლამენტში, ეს არის ვერდიქტი „ქართული ოცნებისთვის“, ბიძინა ივანიშვილისთვის. საზოგადოებამ მკაფიოდ დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს არცერთი მოკავშირე ევროკავშირში, მათ შორის საკუთარ პარტნიორ პარტია „სოციალისტურ პარტიაშიც“ კი არ აქვთ შესაძლებლობა, ისაუბრონ რაიმე ხელშესახებ პროგრესზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, გუშინ ევროპარლამენტში ბევრი საუბარი იყო პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, მათ შორის სააკაშვილ-გვარამიას საქმეზე.

„ჩვენ, ფაქტობრივად, გვითხრეს, რომ მოთხოვნების შესრულება არ მიმდინარეობს იმ ტემპით და საერთოდ, პროგრესი ამ კუთხით არ არის. რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტში, ნიშნავს იმას, რომ ასე თუ გააგრძელებს „ქართული ოცნება“, საქართველო არათუ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, არამედ უფრო იზოლირებული იქნება ევროკავშირისგან, დასავლეთისგან და უფრო მყარად დაექვემდებარება რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ ზეგავლენას. ეს არის ხელისუფლება, რომლის დღის წესრიგი აბსოლუტურად აცდენილია ევროკავშირის დღის წესრიგს. „ქართული ოცნება“ ვიდრე არ ჩამოსცილდება ხელისუფლებას, საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს დადასტურდა გუშინ ევროკავშირში გამართულ დებატებზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.