სალომე სამადაშვილი - შალვა პაპაუაშვილს მინდა ვუთხრა, მიშელის დოკუმენტი კარგად წაიკითხეთ და მერე მოუსმინეთ ვაშინგტონისა და ბრიუსელის გზავნილებს
სალომე სამადაშვილი - შალვა პაპაუაშვილს მინდა ვუთხრა, მიშელის დოკუმენტი კარგად წაიკითხეთ და მერე მოუსმინეთ ვაშინგტონისა და ბრიუსელის გზავნილებს

ძალიან რთული მდგომარეობა შეექმნა „ქართულ ოცნებას“, მოგიწიათ ორივე პოლიტპატიმრის გათავისუფლება. წინა სხდომაზე მე ამ პარლამენტიდან მივესალმე გათავისუფლებულ გიორგი რურუას, დღეს მივესალმები ნიკა მელიას, ასევე გათავისუფლებულს, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

დეპუტატმა, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შარლ მიშელის დოკუმენტი შეახსენა.

„ბატონ პაპუაშვილს მინდა ვუთხრა – მიშელის დოკუმენტი ძალიან კარგად წაიკითხეთ კიდევ ერთხელ და მერე მოუსმინეთ იმ გზავნილებს, რომელსაც დღეს აჟღერებენ ვაშინგტონსა და ბრიუსელში. მომესმა ბატონი პაპუაშვილისგან, თუ რაღაც მცდელობები გაქვთ, გამოაცხადოთ, რომ მიშელის დოკუმენტი კარგია, მაგრამ ჩვენ თურმე აქ ჩვენს კონსტიტუციას და კანონებს უნდა მივხედოთ. ხომ არ შეგახსენოთ, საიდან გაჩნდა საერთოდ მიშელის დოკუმენტი დღის წესრიგში, გინდათ, შეგახსენოთ?! 8 მარტის შეთანხმება გახსოვთ, რომელიც არ შეასრულეთ?! 8 მარტის შეთანხმება რატომ მოხდა, ეგებ, ეგეც შეგახსენოთ, პროპორციულ სისტემაზე რომ მოატყუეთ მთელი მსოფლიო, საზოგადოება და მერე მიიღეთ არჩევნები, რომლის პოლიტიკური შედეგები დღესაც ამ ქვეყანას აზანზარებს. ასე რომ, მიშელის დოკუმენტი რაღაც კი არ არის, მიშელის დოკუმენტში ჩადებული არის ის ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციაში უნდა მივიღოთ, ის ცვლილებები, რომლებიც კანონმდებლობაში უნდა მივიღოთ, რომ თქვენ, ჩემო ბატონებო და ქალბატონებო, ვეღარასოდეს ვერ ჩაატაროთ ისეთი არჩევნები, როგორიც ჩაატარეთ ოქტომბერში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა.

„ახლა რომ მოგვიწოდებთ, საგამოძიებო კომისიაში შემობრძანდითო, არ გვჭირდება თქვენს მიერ თქვენივე მოპარული არჩევნების მერე გასალამაზებლად შექმნილი რაღაც საგამოძიებო კომისია. გითხრეს თქვენ, როგორი არჩევნებიც ჩაატარეთ – ლეგიტიმურობის ზღვარზე და ისიც გითხრეს, რომ ასეთ არჩევნებს ვეღარ ჩაატარებთ ამ ქვეყანაში. ამიტომ, აქ არ არის საჭირო ხმამაღალი განაცხადები იმაზე, რომ თურმე ქვეყანაში პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადასაფარად, აქ ხმამაღლა ისაუბროთ იმაზე, რაც ხდება სტრასბურგში. ნიკა მელიას მიესალმა სენატორი რიში, როგორც გათავისუფლებულ პოლიტპატიმარს და მიესალმნენ ევროპარლამენტის წევრები. დიახ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდეს პარლამენტში შემოსვლისკენ და მე შემიძლია ვთქვა, იმედი მაქვს, ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და თქვენ შეგახსენეს, რომ თქვენი ვალდებულებები შეასრულოთ. რაღაც მომეჩვენა, რომ ხელწაკვრით დაიწყეთ საუბარი ამ მოლაპარაკებების მონაწილეებმა“, – განაცხადა დეპუტატმა.

ასევე, ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ წარდგენილ დეკლარაციაზე ხელმოწერას არ აპირებს.

„რაც შეეხება იმ საკითხებს, რომელზეც მე მინდოდა ასევე აქ მესაუბრა. საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს მინდა მივმართო – დიახ, მრავალი წელიწადია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ თქვენი დეკლარირებული კურსი არის ევროკავშირი და ნატო, ოღონდ მე ის ვიცი, რომ უკრაინისთვის გაწევრიანების გეგმის მინიჭებაზე დაიწყო ნატო-მ მსჯელობა და საქართველოზე არავინ არ საუბრობს. ამიტომ, თქვენ უშინაარსო და უაზრო დეკლარაციებზე მიერთებას კი არ ვაპირებთ, ვაპირებთ რომ დავიბაროთ აქ, ამ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ მოვისმინოთ მისგან რა კეთდება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რეალურად ნატო-შიც გაწევრიანდეს დროზე და ევროკავშირშიც. იმიტომ რომ, ასეთი რეზოლუციები წინა პარლამენტშიც ბევრი გვინახავს, მაგრამ ეს ქვეყანა დღეს სადაც არის, ვნახეთ თქვენი დამსახურებით“,- განაცხადა სამადაშვილმა.