სალომე სამადაშვილი, ელენე ხოშტარია, ანა ნაცვლიშვილი და ანა რეხვიაშვილი ბრიუსელში გაემგზავრებიან
სალომე სამადაშვილი, ელენე ხოშტარია, ანა ნაცვლიშვილი და ანა რეხვიაშვილი ბრიუსელში გაემგზავრებიან

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მომავალ კვირას ბრიუსელში გაემგზავრებიან და საქართველოში პოლიტიკური ვითარების შესახებ მომზადებულ წერილს ჩაიტანენ. ამის შესახებ ოთხი ოპოზიციური პარტიის – „ევროპული საქართველოს“,„ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „გამარჯვებული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პარტიების წარმომადგენლების თქმით, წერილს პირადად გადასცემენ ყველა გავლენიანი ინსტიტუტის ხელმძღვანელსა და საქართველოს თემაზე მომუშავე ექსპერტებს. წერილზე იქნება იმ პირების ხელმოწერა, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან ან პატიმრობაში იმყოფებიან. ასევე, წერილში ასახული იქნება ოპოზიციის მოთხოვნა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

„ბრიუსელში მივდივართ, რადგან გვაქვს დაგეგმილი მნიშვნელოვანი შეხვედრები, როგორც ევროპარლამენტის წევრებთან ასევე, სხვა ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან. ჩვენი გზავნილები შეეხება, რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესს და იმ ცვლილებებს, რომელიც უნდა განხორციელდეს პარლამენტის არჩევის წესში, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს დემოკრატიული სისტემა. ასევე, მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი შეეხება პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკური ნიშნით დევნილებს. მიგვაქვს უშუალოდ წერილი, რომელსაც ხელს აწერენ, როგორც პოლიტიკური ლიდერები ასევე, მასმედიის წარმომადგენლები და აქტივისტები, ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური შევიწროების მსხვერპლია. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საკითხებთან დაკავშირებით ევროპიდან იყოს შესაბამისი რეაგირება. ქვეყანას, რომელსაც აქვს ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური ნიშნით დევნილები. ასევე, არ უნდა ჰქონდეს, ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც შეუძლებელს ხდის დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

წერილის გამოქვეყნებას ოპოზიცია ბრიუსელში გამგზავრების შემდეგ გეგმავს. ბრიუსელში სალომე სამადაშვილი, ელენე ხოშტარია, ანა ნაცვლიშვილი და ანა რეხვიაშვილი გაემგზავრებიან.