სალომე სამადაშვილი - ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ამ პროცესში ერთიანობას შეინარჩუნებს
სალომე სამადაშვილი - ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ამ პროცესში ერთიანობას შეინარჩუნებს

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შეინარჩუნებს ერთიანობას ამ პროცესში და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომელზეც შეუძლია ხელი მოაწეროს ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა. მე ამას ვისურვებდი, მაგრამ, ცხადია, იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, მნიშვნელოვანი იქნება, რა არის დოკუმენტში წარმოდგენილი და ასევე, მნიშვნელოვანია რა პოზიცია აქვს მმართველ გუნდს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის წინ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ის დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა, დღეს მოეწეროს ხელი, არის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის განვითარების გზა.

„სრულიად ვიზიარებ ბატონი დანიელსონის მოსაზრებას, რომ თუ შეთანხმება შედგა, გამარჯვებული იქნება არა რომელიმე მხარე, არამედ ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სურს ცხოვრება იმ ქვეყანაში, სადაც მის არჩევანს აქვს შესაბამისი შედეგი საარჩევნო პროცესში, სადაც კანონი ყველას თანაბრად იცავს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა და იცხოვრებს ქვეყანაში, რომელსაც ექნება რეალური პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი სახელმწიფო. ამ ხელშეკრულების ჩავარდნა დააზიანებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებს და იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ ამას აცნობიერებს და შესაბამისი განწყობით მოვიდა. გუშინ დავინახეთ, რომ საკმაოდ შორს არის ერთმანეთისგან მმართველი გუნდის და ოპოზიციის პოზიციები და სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მედიატორმა მიიღოს გადაწყვეტილება წარუდგინოს მხარეებს საკუთარი ხედვა, როგორ ესახება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი.

ვფიქრობ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ მედიატორის მიერ შემოთავაზებული შესაბამისი ხედვა, თუმცა ცხადია, ამ შეთანხმებას მოვიაზრებთ, როგორც ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ და, ცხადია, ვერ დავთანხმდებით ვერანაირ პირობებს, რომელიც ქვეყანაში განამტკიცებს ერთპარტიულ, ერთპიროვნულ მმართველობას ბიძინა ივანიშვილისგან. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია შეთანხმების ყველა პუნქტი და მედიატორის მიერ წარმოდგენილი ხედვა ყველა იმ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც არის მიშელის გეგმაში დაფიქსირებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შეინარჩუნებს ერთიანობას ამ პროცესში და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომელსაც შეუძლია ხელი მოაწეროს ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა. მე ამას ვისურვებდი, მაგრამ, ცხადია, იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, მნიშვნელოვანი იქნება რა არის დოკუმენტში წარმოდგენილი და ასევე, მნიშვნელოვანია რა პოზიცია აქვს მმართველ გუნდს“, – განაცხადა სამადაშვილმა.