სალომე სამადაშვილი - დიდი იმედი მაქვს ჩვენი ევროპელი კოლეგების გზავნილების, რომ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს და მოიძებნოს კომპრომისი
სალომე სამადაშვილი - დიდი იმედი მაქვს ჩვენი ევროპელი კოლეგების გზავნილების, რომ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს და მოიძებნოს კომპრომისი

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან ჩვენი შეხვედრა შეეხება იმ უმძიმეს ვითარებას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. პოლიტიკური კრიზისის გამწვავება და გაღრმავება საბოლოოდ ჩამოაშორებს ჩვენს ქვეყანას ევროპული განვითარების გზას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, შარლ მიშელთან დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია, რომ ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი ჩართულობა კრიზისის დარეგულირებაში.

„ჩვენი პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია – პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება. ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი, რომ მოლაპარაკების პროცესი განახლდეს და მივიდეთ იმ საბოლოო მიზნამდე, რომელიც გვაქვს დასახული. დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ვადამდელი, ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. იმედი გვაქვს, ეს ვიზიტი აღმოჩნდება შედეგიანი სწორედ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად. იცით, რომ მოლაპარაკების პროცესში ოპოზიციამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კომპრომისისკენ. ასეთი კომპრომისი იყო პლებისციტი. ამის შემდეგ ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა ძირითადი ოპოზიციური პარტიის ოფისზე, დააპატიმრა მისი ლიდერი ნიკა მელია და შეიძლება ითქვას, ამით ნულოვან პროცესზე დააბრუნა ვითარება. მოლაპარაკებები ჩიხში არ შეუყვანია ოპოზიციას, ჩიხში შეიყვანა ხელისუფლებამ. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს ჩვენი ევროპელი კოლეგების გზავნილების, რომ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს და უნდა მოიძებნოს კომპრომისი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ევროკავშირის ოფისში ხვდება.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.