სალომე სამადაშვილი - დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ, როგორი იქნება ჩვენი საპარლამენტო მუშაობის ფორმატი უახლოესი კვირების განმავლობაში
სალომე სამადაშვილი - დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ, როგორი იქნება ჩვენი საპარლამენტო მუშაობის ფორმატი უახლოესი კვირების განმავლობაში

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ ძალებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა განუცხადა, დღეს იმსჯელებენ, როგორი იქნება ოპოზიციის საპარლამენტო მუშაობის ფორმატი უახლოესი კვირების განმავლობაში.

მისი თქმით, შეთანხმების შესრულებაზე დამოკიდებულია ქვეყნის პოლიტიკური მომავალი, შესაბამისად მხარეებმა უნდა იმსჯელონ უახლოესი კვირების გეგმებზე.

„დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავალი დამოკიდებულია იმ შეთანხმების სრულფასოვნად შესრულებაზე, რომელიც დაიდო ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის. ამიტომ ძალიან ბევრი რამ არის, რაც უნდა მოხდეს უახლოეს დღეებში, უახლოეს კვირებში, რათა შეთანხმება განხორციელდეს. შეიძლება ითქვას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ლუპით აკვირდებიან ამ შეთანხმების შესრულებას და ჩვენგანაც ელოდებიან ინფორმაციას, მათ შორის საპარლამენტო მუშაობის ფარგლებში რა უნდა გაკეთდეს უახლოეს მომავალში. ცხადია, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავგეგმოთ, ვიმსჯელოთ და  შევაჯეროთ საერთო ოპოზიციური გეგმები უახლოესი კვირებისთვის.

ჩვენ დღეს სწორედ იმაზე ვიმსჯელებთ, როგორ ვიმუშაოთ ყველაზე უფრო ეფექტიანად პარლამენტში იმიტომ, რომ ვხედავთ, ერთი მხრივ არის შეთანხმების შესრულება და მეორე მხრივ, ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი. ადამიანები ელოდებიან, რომ მათი ხმა და ინტერესები იქნება დაცული მათ შორის საქართველოს პარლამენტში. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ზოგადად ჩვენი საპარლამენტო მუშაობის ფორმატზე უახლოესი კვირების მანძილზე. დიდი იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ შემოუერთდება შეთანხმებას და ოპოზიცია სრულად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას სამადაშვილი ასევე გამოეხმაურა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს და აღნიშნა, რომ ახალმა კანონპროექტმა შესაძლოა მოქალაქეების უფლებები შეზღუდოს.

„დაჩქარებული წესით, ფაქტობრივად ერთ დღეში მიღებული იქნა კანონპროექტი, რომელიც უამრავ ჩვენს მოქალაქეს აყენებს რეალური საფრთხის წინაშე, რომ მათი სამართლიანი პროტესტი აღკვეთილი იქნება რეპრესიული ზომებით, როგორც ფინანსური, ასევე დაპატიმრებით. ამიტომ ეს არის უდიდესი ნაბიჯი უკან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. მსგავსი ცვლილებები უნდა მიიღებოდეს მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის შემდეგ. ამის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებები დაჩქარებულ რეჟიმში მიიღო, ყოველგვარი განხილვის გარეშე“, – განაცხადა მან.

სამადაშვილის შეფასებით, ოპოზიციის მისამართით კრიტიკა, რომ მათ განხილვებში მონაწილეობა არ მიიღეს, უსაფუძვლოა, რადგან ოპოზიცია საპარლამენტო კომიტეტებშიც კი არ არის წარმოდგენილი.

„დაჩქარებული წესით, ერთ დღეში სწორედ იმიტომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონპროექტი, რომ ოპოზიციისთვის განხილვებში სრულფასოვნად ჩართვის საშუალება არ მიეცა. ამ ეტაპზე ალბათ ერთადერთი გზა არის საპრეზიდენტო ვეტო“, – აღნიშნა სამადაშვილმა.