სალომე სამადაშვილი - დღეს პარლამენტის წევრებმა ხელი აიღეს სინდისზე, ნამუსზე და პასუხისმგებლობაზე
დღეს პარლამენტის წევრებმა ხელი აიღეს სინდისზე, ნამუსზე და პასუხისმგებლობაზე, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირეს.
„როდესაც სუს-ის წარმომადგენელი პარლამენტში მოვიდა, ფაქტობრივად, მითითება გასცა, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ უნდა შექმნილიყო. დღეს პარლამენტის წევრებმა ხელი აიღეს სინდისზე, ნამუსზე და საკუთარ საპარლამენტო პასუხისმგებლობაზე, როგორც პარლამენტის წევრებმა და განაცხადეს, რომ მათ არ აინტერესებთ ახალგაზრდა ადამიანი მძინარე საკუთარ საწოლში რატომ მოკლეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს ნეგატიური პასუხისმგებლობის საკითხი დადგა საერთაშორისო, მათ შორის სამართლის თვალსაზრისით. დღეს პარლამენტში გვითხრეს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა თემირლან მაჩალიკაშვილი რატომ მოკლესო. ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საბოლოოდ ჩამოშლისთვის ერთ-ერთი საბედისწერო გახდება, როდესაც მათ საზოგადოებაში ისედაც აღარანაირი ნდობა აღარ აქვთ და დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ მათ მოთითებებს ბიძინა ივანიშვილი და სუს-ი აძლევთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.