სალომე სამადაშვილი - დღეს კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა პრემიერს, არა ოპოზიციას, არამედ ქართველ ხალხს გასცეს პასუხი შეკითხვებზე, რომლებზეც მათ პასუხი ვერ მიიღეს
კონკრეტული შეკითხვები გვაქვს პრემიერთან და ინტერპელაციის დღევანდელი პროცედურა მას არ მისცემს შესაძლებლობას, თავი აარიდოს ამ შეკითხვებს, როგორც ეს ჩვენ ვიხილეთ მისი წინა ვიზიტისას პარლამენტში, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, შეკითხვები ეხება ქვეყანაში სიღარიბის ზრდას და მძიმე მდგომარეობას, რომელშიც არიან პენსიონერები.
„კონკრეტულად, რა გეგმა აქვს საქართველოს ხელისუფლებას ამ პრობლემებზე სამუშაოდ. ამაზე პრემიერისგან დეტალურ პასუხს ველოდები, რომელიც პარლამენტში მისი წინა გამოსვლიდან ვერ მოვისმინეთ. ვხედავთ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მთლიანად მიმართულია ისევ და ისევ პრივილეგირებული ინტერესების დასაცავად და სრულიად აცდენილია ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობის გამოწვევებს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, ათასობით მოქალაქე მათ წერს, რომ პრემიერ-მინისტრის ორი დღის წინანდელი გამოსვლის შემდეგ რჩებათ კონკრეტული შეკითხვები.
„ამიტომ, დღეს კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა საქართველოს პრემიერს და მთავრობას, არა ოპოზიციას ან რომელიმე ოპოზიციურ ფრაქციას, არამედ ქართველ ხალხს გასცეს პასუხი შეკითხვებზე, რომლებზეც მათ პასუხი ვერ მიიღეს. ღლიცინის ტონში განხილვა, რომელიც ჩვენ პარლამენტში ორი დღის წინ ვნახეთ, ნამდვილად არ არის ადეკვატური ტონი და ადეკვატური პასუხი იმ უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი სახელმწიფო და ხალხი დგას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ინტერპელაციის წესით „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შეკითხვებს პარლამენტში უპასუხებს.