სალომე სამადაშვილი - ჩვენი პოზიცია ცნობილია, ხუთივე საკითხი უნდა აისახოს შესაძლო შეთანხმებაში, ვფიქრობ, ევროპელი კოლეგებისთვისაც გასაგებია, რომ თუ ასე ვერ მოხდება, პროგრესს ვერ მივაღწევთ
სალომე სამადაშვილი - ჩვენი პოზიცია ცნობილია, ხუთივე საკითხი უნდა აისახოს შესაძლო შეთანხმებაში, ვფიქრობ, ევროპელი კოლეგებისთვისაც გასაგებია, რომ თუ ასე ვერ მოხდება, პროგრესს ვერ მივაღწევთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სავარაუდოდ საქართველოზე იმსჯელებენ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა, კიდევ ერთხელ შეხვდნენ პოლიტიკურ მხარეებს საქართველოში.

სამადაშვილის თქმით, მოლაპარაკების პუნქტებთან მიმართებით მათი პოზიცია უცვლელია.

„მომავალ კვირაში ევროპის საგარეო მინისტრების საბჭო სავარაუდოდ იმსჯელებს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე და შესაბამისად, ვფიქრობ, მათთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, სად არის პროცესი დღეს, ანუ არსებობს თუ არა რაიმე პროგრესის შანსი და შესაბამისად, გაგრძელდება თუ არა ევროკავშირის მედიაცია. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, რატომაც გადაწყვიტეს ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა კოლეგებმა, რომ გააგრძელონ მხარეების პოზიციების მოსინჯვა. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის გაიმართება შემდეგი რაუნდი. ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ მიშელის მიერ განსაზღვრული ხუთივე საკითხი უნდა აისახოს შესაძლო შეთანხმების ტექსტში, ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვისაც გასაგებია, რომ, თუ ეს ასე ვერ მოხდება და მკაფიო ხედვა არ იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემაზე, ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწევთ. ვფიქრობ, ყველა პარტიას ინდივიდუალურად შეხვდებიან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.