სალომე სამადაშვილი - არსებობს ორი მთავარი თემა, პოლიტპატიმრები და არჩევნები, უნდა მივაღწიოთ პროგრესს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის შედეგს ვერ მოიტანს
სალომე სამადაშვილი - არსებობს ორი მთავარი თემა, პოლიტპატიმრები და არჩევნები, უნდა მივაღწიოთ პროგრესს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის შედეგს ვერ მოიტანს

ჩვენ შევთანხმდით, რომ ევროკავშირი, ფაქტობრივად უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ჩაერთვება ჩვენს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისისთვის აუცილებელი მოლაპარაკებების პროცესში, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ განახლებულ პროცესზე, მოლაპარაკებების მედიაციაზე, ევროკავშირის შუამდგომლობით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის განცხადებით, ევროპელი პარტნიორები ყველანაირად ცდილობენ, რომ ქვეყანას აარიდონ მოვლენების მძიმე შესაძლო განვითარება.

„ეს შუამდგომლობა, ჩემი აზრით, არის სწორედ გარანტია იმისა, რომ პირველ რიგში ჩვენ მივაღწიოთ შედეგებს ამ მოლაპარაკებების პროცესში და მეორე თუ მივაღწევთ რაიმე შედეგებს, დაიდება რაიმე შეთანხმება, ეს შეთანხმება შესრულდეს. არ განმეორდეს ის რაც მოხდა, მაგალითად 8 მარტს, როდესაც შეთანხმების ყველა პუნქტი არ შესრულდა. ჩვენ გვქონდა მძიმე შეხვედრა, ეს არ იყო მარტივი. ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში ვითარება არის უკიდურესად დაძაბული და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ ან ჩვენ ახლა მოვძებნით გზას ამ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ან ვითარება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნება უახლოეს მომავალში, იქნება კიდევ უფრო მძიმე, რაც აწყობს ერთადერთ ქვეყანას რუსეთს. ამიტომ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ცხადია ყველანაირად ცდილობენ, რომ ქვეყანას აარიდონ მოვლენების ძალიან მძიმე შესაძლო განვითარება და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ დაეხმარონ პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმების მიღწევაში. ჩვენი პოზიცია არის ცნობილი, არსებობს ორი მთავარი თემა, პოლიტპატიმრების თემა და ასევე არჩვენების თემა. აქ ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის შედეგს ვერ მოიტანს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიციამ პოლიტიკური შეთანხმების ნება დაადასტურა.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გასაგებია, რომ თუ ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ შედეგს, ორივე მხარემ უნდა დააფიქსიროს პოლიტიკური ნება, რომ ეს შეთანხმება იქნება მიღწეული. მე შემიძლია გითხრათ, რომ ოპოზიციამ ეს პოლიტიკური ნება დღეს ამ შეხვედრით, ფაქტობრივად დაადასტურა. ამავე დროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება“,- აღნიშნა სამადაშვილმა.