სალომე სამადაშვილი - ჩვენ ვითხოვთ, გომელაურმა დატოვოს თანამდებობა, მას მივმართავთ ამ მოწოდებითაც, არაერთი ძალიან მწვავე კითხვა გვექნება
სალომე სამადაშვილი - ჩვენ ვითხოვთ, გომელაურმა დატოვოს თანამდებობა, მას მივმართავთ ამ მოწოდებითაც, არაერთი ძალიან მწვავე კითხვა გვექნება

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით, საზოგადოებაში ყველა თანხმდება, რომ ვახტანგ გომელაური არის უშუალოდ პასუხისმგებელი იმაზე, რაც  5 ივლისს მოხდა.

მისივე თქმით, გომელაურმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

„ჩემთვის და ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებაში ადამიანების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშეა, რომ გომელაური დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. სწორედ ამიტომ ვმონაწილეობთ ამ მოსმენაში, რომ კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად ვაჩვენოთ, როგორ არის გომელაური პირდაპირ პასუხისმგებელი იმაზე, რომ 53 ჟურნალისტი დაშავდა 5 ივლისს, მან ვერ უზრუნველყო საკუთარი თანამოქალაქეების უსაფრთხოება.

ვხედავთ, რომ არ უჭირს საპოლიციო, დამცავი ძალების ორგანიზება, როცა მაგალითად დასაცავია „ქართული ოცნების“ ცარიელი ოფისი, ან რომელიმე სხვა სახელმწიფო დაწესებულება. ამიტომ ძალიან მწვავე განხილვა იქნება დღეს. ცხადია, ჩვენი მოთხოვნაა, რომ გომელაურმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა და შესაბამისად, მას მივმართავთ ამ მოწოდებითაც, გვექნება არაერთი კონკრეტული, ძალიან მწვავე კითხვა-პასუხი“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, პრაიდის კვირეულის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატები დღეს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.