სალომე სამადაშვილი - ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებად მოვიაზრებ „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და შეთანხმებაზე ხელმომწერ პროდასავლურ პოლიტიკურ აქტორებს
სალომე სამადაშვილი - ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებად მოვიაზრებ „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და შეთანხმებაზე ხელმომწერ პროდასავლურ პოლიტიკურ აქტორებს

დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტნიორებად მოიაზრებს „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და იმ პროდასავლურ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას.

„ბუნებრივ ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებად ცხადია, მოვიაზრებ როგორც „ლელოს“, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელს“ და იმ პროდასავლურ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას. სრულიად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ შევხედოთ ჩვენს რეალობას, საარჩევნო ფორმულას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, ერთი ამოცანების გარშემო არიან გაერთიანებული ყველა, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს, თუმცა, ალეკო ელისაშვილს და „გირჩს“ საკუთარი ნიშა აქვთ.

„მე მოვიაზრებ, რომ ერთი ამოცანების გარშემო ვართ გაერთიანებული ყველა, ვინც ხელი მოვაწერეთ და დღეს პარლამენტში ვართ წარმოდგენილი, პროდასვლური ოპოზიცია, გვაქვს ერთი ამოცანები. ელისაშვილს და „გირჩს“ თავისი ნიშა აქვთ, მაგრამ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც „ევროპული საქართველოდან“ ინდივიდუალურად შემოვიდნენ, „ლელო“, „აღმაშენებელი“, ვფიქრობ, ჩვენ გვაერთიანებს დღეს ის, რომ მიშელის შეთანხმება აუცილებალად უნდა განვახორციელოთ“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ასევე, სამადაშვილმა ისაუბრა პოლიტიკურ ბოიკოტზე და განმარტა, რომ ბოიკოტთან დაკავშირებით თავიდანვე სიფრთხილეს იჩენდა, რადგან, როგორც წესი, ის უშედეგოდ, ოპოზიციის ჩამოშლით მთავრდება ხოლმე.

„ხშირად მადანაშაულებენ, რომ სამადაშვილი ბოიკოტს მხარს არ უჭერდა. მე მიყვარს გადაწყვეტილებების მიღება კარგად ინფორმირებული როცა ვარ და როგორც წესი, ნებისმიერ საგანზე შესწავლილი მაქვს არა მხოლოდ ჩვენი, სხვა ქვეყნების გამოცდილება. ბოიკოტს თავიდანვე ასე ფრთხილად იმიტომ ვუყურებდი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ბოიკოტის ბუნებრივი შედეგი არის ოპოზიციის ჩამოშლა. მაგალითად, ალბანეთში ევროპის სახალხო პარტიის წევრმა პარტიამ გამოუცხადა ბოიკოტი პარლამენტს, არაფერი, პარტია დაზიანდა, წააგო შემდეგი არჩევნები და ჩავარდა უმძიმეს მდგომარეობაში, ამასობაში შეიქმნა რაღაც ახალი ოპოზიციური პარტიები. ანუ, არ არის ბოიკოტი მარტივი საკითხი და ის, რაც ახლა ხდება, ბოიკოტის გამოძახილია. ვინც იძახის, რომ მეტის მიღება შეიძლებოდა, მეტის მიღება შეიძლებოდა კიარა, ნახონ სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც პარლამენტისთვის ბოიკოტი გამოუცხადებია ოპოზიციას, ასეთი შედეგი, რაც ჩვენ შეთანხმების სახით მივიღეთ, საერთოდ არსად არავის მიუღია.

ბოიკოტი, როგორც წესი, საერთოდ უშედეგოდ მთავრდება. ერთი მხრივ, ბოიკოტის პოზიტიურ შედეგში შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს შეთანხმება და ბოიკოტზე უფრო აქ ნიკა მელიას დაპატიმრების ფაქტორია მიშვნელოვანი, რადგან ნიკა რომ არ დაეპატიმრებინათ, რას მოიტანდა ბოიკოტი, ესეც გაურკვეველია. ამ ბოიკოტის მეორე მნიშვნელოვანი შედეგი არის ის, რომ ფაქტობრივად დაიშალა პარტიები, თუ წავიდა ხალხი, წამოვიდა, შეიცვალა ლანდშაფტი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გარდა ამისა, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა ნიკა მელიასთან ციხეში შეხვედრასთან დაკავშირებითაც.

„ნიკას როცა შევხვდი, ჩვენ ვისაუბრეთ მომავალზე, იმაზე, როგორ ვხედავ მის მიერ საპატიმროს დატოვებას და საერთოდ, საპატიმროში რომ მიდიხარ ადამიანთან, ბევრ რამეზე საუბრობ, ძირითადად ბევრი დრო დავუთმეთ ხუმრობას, ამბების გახსენებას და ბევრი ვიცინეთ. ნიკა რატომ უნდა იყოს ჩემზე ნაწყენი. ჩემთვის არ უთქვამს, რომ ნაწყენია. მემგონი, ნიკამ ძალიან კარგად იცის, ამ შეთანხმების მოტივაცია მათ შორის იყო სწორედ ის, რომ გიორგი და ნიკას დაეტოვებინათ საპატიმრო, თუმცა არა მხოლოდ, ამ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რადგან ეს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.