სალომე სამადაშვილი - არსებობს საკითხები, რომელთა მოგვარებაც შეთანხმებისკენ გზას გახსნის, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც შეთანხმება მთავარი პრობლემების გადაჭრის შემდეგ იქნება შესაძლებელი
სალომე სამადაშვილი - არსებობს საკითხები, რომელთა მოგვარებაც შეთანხმებისკენ გზას გახსნის, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც შეთანხმება მთავარი პრობლემების გადაჭრის შემდეგ იქნება შესაძლებელი

მედიატორთან შეხვედრა გამოვიყენეთ, რომ დეტალურად განგვეხილა ჩვენი პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით. ყველა იმ ექვს პუნქტთან მიმართებით, რომელიც არის ჩამოყალიბებული პრეზიდენტ მიშელის სამოქმედო გეგმაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს რიგი საკითხებისა, რომელთა მოგვარებაც შეთანხმებისკენ გზას გახსნის, მაგრამ ასევე არის საკითხები, რომლებზეც შეთანხმება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც მთავარი პრობლემები გადაიჭრება.

ამასთან, როგორც სამადაშვილი ამბობს, ვადამდელი არჩევნების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კუთხით პოზიციის გადახედვა არ მომხდარა.

„ზოგიერთ საკითხზე უფრო ფუნდამენტური დისკუსია გვქონდა, სხვებზე ზოგად მონახაზზე შევთანხმდით. მაგრამ ერთი რამ ნათელია და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ. არსებობს ისეთი საკითხები, რომლის მოგვარებაც გახსნის გზას შეთანხმებისთვის და არსებობს საკითხები, რომლებზეც შეიძლება შეთანხმება მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავჭრით მთავარ პრობლემებს. ვერაფერს ახალს ვერ გეტყვით. ჩვენი პოზიცია თქვენთვის ცნობილია. პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს. ეს მოითხოვს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს პარტიას მაგალითად, წარმოადგენდეს ნიკა მელია და შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, გიორგი რურუა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ამ პოზიციის გადახედვა არ მომხდარა. როგორ შეიძლება, მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, ამისთვის არსებობს სხვადასხვა გზა და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი.

ეს შეხვედრა იყო იმისთვის, რომ ჩვენ გაგვეცნო მედიატორისთვის ჩვენი პოზიციები. ცხადია, მედიატორმა ყველა მხარის პოზიცია უნდა მოისმინოს დეტალურად და ამის შემდეგ დაიწყება უკვე უშუალოდ ის, რასაც ჰქვია მედიაციის პროცესი, ანუ მცდელობა, რომ მხარეების პოზიციები დაახლოვდეს. დრო ჩვენც ცოტა გვაქვს, მაგრამ დრო ასევე ცოტა აქვს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რადგან 16-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში უნდა წარდგეს ხელცარიელი ან პოლიტიკური შეთანხმების მონახაზით. როგორ წარდგება პრემიერ-მინისტრი, ხელცარიელი თუ ხელდამშვენებული, ეს იქნება ძალიან სერიოზული როგორც ამ ხელისუფლებისთვის, ისე ქვეყნისთვისაც. ევროკავშირთან აქტიურ კონსულტაციებს გავაგრძელებთ. მზად ვართ, შევხვდეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. ასევე, მზად ვართ, შევხვდეთ უკვე გაფართოებულ ფორმატში სხვა პარტიებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად. ცხადია, ჩვენი პოლიტიკური რადიკალური პოზიციების გადახედვა ვერ მოხდება.

პროცესი, რომელიც ევროკავშირმა ამ მედიაციის სახით დაიწყო, ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება, რათა დემოკრატიას შინაარსი დაუბრუნდეს. ამიტომ არ გამოვაცალკავებ არც ერთ კომპონენტს, ეს ჩვენი მიდგომაა. არ გვაქვს მიდგომა, რომ რომელიმე საკითხი, მაგალითად, საარჩევნო რეფორმა, არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მეორე. კომპლექსური საკითხებია, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ამ კომპლექსურ საკითხებზე ვიმსჯელოთ და საერთო პოზიციას მივაღწიოთ, საჭიროა გადაიჭრას მთავარი დამაბრკოლებელი საკითხები. თუ ვერ იქნება პროგრესი პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და პოლიტპატიმრების თემაზე, სამწუხაროდ, ვერანაირი სხვა საკითხები წინ ვერ წავა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კითხვაზე: „მოლაპარაკებების პროცესზე განწყობები ხომ არ შეატყვეთ დანიელსონს“, სამადაშვილმა განაცხადა, რომ კარგ დიპლომატებს განწყობები არ ეტყობათ.

„კარგ დიპლომატებს განწყობები არ ეტყობათ ხოლმე. ასე რომ, არ შეგვიმჩნევია“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.