სალომე სამადაშვილი აბსურდულს უწოდებს ბრალდებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის შენობის შტურმისთვის ემზადება
სალომე სამადაშვილი აბსურდულს უწოდებს ბრალდებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის შენობის შტურმისთვის ემზადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომელიც „ნაციონალურ მოძრობას“ პროვოკაციების დაგეგმვაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, სახელმწიფოსთვის უხერხულია, როდესაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მსგავს კომიკურ განცხადებებს აკეთებს.

„მსურს, გამოვეხმაურო კიდევ ერთ გასაოცარ განცხადებას, რაც დღეს ბატონი კობახიძისგან მოვისმინეთ. ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოებისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვისაც უკვე ძალიან შემაშფოთებელ ფორმას იღებს. დღეს დილიდან შევხვდი ფაქტობრივად ყველა სადამკვირვებლო მისიას, რომელიც მოვლენილია საქართველოში. კობახიძე ოპოზიციას ხან ფარული შტაბის არსებობაზე, ხან ხელკეტების მომარაგებაში ადანაშაულებს, ადრე აცხადებდნენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საბურავებს აგროვებს და ადანაშაულებენ ამბოხის დაგეგმვაში. ამ ყველაფერს გარდა იმისა, რომ ეუბნება ქართულ საზოგადოებას, აწვდიან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის იღებს ძალიან სახიფათო სახეს, რადგან ბატონი კობახიძე საუბრობს მმართველი პარტიის სახელით. მისი პარტია წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას და უბრალოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ჩვენს სახელმწიფოს. მისი განცხადებები კომიკური თემა გახდა, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დრო პოლიტიკაში ამოიწურა.

„ჩვენ ვემზადებით ხვალ არჩევნების დამაჯერებლად მოგებისთვის. ასეთი მოცემულობაა დღეს ჩვენს პოლიტიკურ ვითარებაში, რომ ოპოზიცია ხვალინდელ არჩევნებს მოიგებს. ყველაფერს აქვს თავის დრო და მათ შორის „ქართული ოცნების“ დრო პოლიტიკაში ამოიწურა. პოლიტიკა ასეთია, რაც კობახიძეს როგორც ჩანს არ ესმის, ხან მოიგებ, ხან წააგებ. წაგების შემთხვევაში სახე არ უნდა დაკარგო. ამ შემთხვევაში ცხადია, მე არ მაღელვებს „ქართული ოცნების“ სახე, მაგრამ უხერხულია ჩვენი სახელმწიფოსთვის, როდესაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მსგავს კომიკურ განცხადებებს აკეთებს“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება ძალიან აქტიურად აწარმოებს კამპანიას ამომრჩევლის დაშინების მიზნით.

„რეალური პრობლემა არის ის, რომ დღეს ხელისუფლება ძალიან აქტიურად აწარმოებს კამპანიას ამომრჩევლის დაშინების მიზნით, განსაკუთრებით რეგიონებში და ისეთ რეგიონებში, სადაც ოპოზიციის კანდიდატები მაჟორიტარულ არჩევნებს ძალიან დამაჯერებლად იგებენ. მიმდინარეობს დაშინება, რომ ამომრჩეველი ხვალ არ მივიდეს საარჩევნო უბნებზე. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველა ამომრჩეველს, თქვენი ფარულობა და არჩევანი არის სრულად დაცული. ნუ შეგეშინდებათ, ხვალ ყველა მიდით არჩევნებზე. ეს არის ერთად ერთი გზა, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

ჩვენ გვიკავშირდებიან ჩვენი უცხოელი კოლეგები დიპლომატიური მისიებიდან და გვეუბნებიან, რომ „ქართული ოცნება“ მათ აწვდის ინფორმაციას, თითქოს ხვალ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება მრავალრიცხოვანი შემადგენლობით პარლამენტის შენობის შესაძლო შტურმისთვის. ასეთი აბსურდული ბრალდებების გავრცელება „ქართული ოცნების“ მხრიდან, მხოლოდ არწმუნებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნებს ძალიან დამაჯერებლად აგებს. ჩვენ ხვალ ვემზადებით გამარჯვების აღსანიშნავად. დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიისთვის გამარჯვების აღსანიშნავად არავის არ მოფიქრებია და ცხადია, რომ ამას ვერც ეს ხელისუფლება ვერ გაბედავს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ძალიან ცოტა დრო დარჩა პოლიტიკური მისიის სიცოცხლის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც მიმართა და მოუწოდა, შეისწავლოს სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობა, რომლებიც სამადაშვილის თქმით, დაკავებულები ადამიანების დაშინებით, ზეწოლითა და წინასაარჩევნო პოლიტიკური საქმიანობით.

მე შემიძლია, ბატონ გახარიას ვუპასუხო ის, რომ მას, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს,ეკისრება სრული პასუხიმგებლობა, რომ ხვალ ჩატარდეს ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას მიეცეს სტაბილური განვითარების შესაძლებლობა. ამიტომ, ყველაფერზე რაც ხვალ მოხდება, ცხადია, რომ პასუხისმგებელია თავად გახარია და მისი ხელისუფლება. შესაბამისად მოეთხოვება, როგორც საზოგადოებისგან ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის აშშ-ს სენატმა გააფრთხილა კიდევ ერთხელ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, თუ რა არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინი ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის სწორედ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ამიტომ, ბატონ გახარიას ვურჩევ, დაკავდეს იმით, რომ შეისწავლოს სამართალდამცავი სტრუქტურები, რომლებიც შეიარაღებულ მძარცველს ვერ აკავებენ, რატომ არიან დაკავებულები ადამიანების დაშინებით, ზეწოლითა და წინასაარჩევნო პოლიტიკური საქმიანობით. ეს ევალება მას, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

დატოვე კომენტარი