სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საკითხების დიდ ნაწილზე შეთანხმება მიღწეულია
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საკითხების დიდ ნაწილზე შეთანხმება მიღწეულია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საკითხების დიდ ნაწილზე შეთანხმება შედგა, თუმცა შესათანხმებელი რჩება გარკვეული თემები.

„ფაქტობრივად, ბევრ რამეზე, საკითხების უდიდეს ნაწილზე შეთანხმებას მივაღწიეთ, თუმცა რჩება რაღაც კონკრეტული საკითხები, სადაც ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები გავაცანით. ვნახოთ, საბოლოო პოზიცია როგორ ჩამოყალიბდება.

ხვალ დილას, საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდებთ ჩვენს ხედვას, როგორ ვაფასებთ დღეს არსებულ ვითარებას, რამდენად ვხედავთ შანსს, კონსენსუსის გზით იყოს მიღებული ცვლილებები, ამის შემდეგ იქნება კონსულტაციები და დოკუმენტი ვენეციის კომისიის გადაეგზავნება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე შეფასებით, საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც საერთო ხედვა ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, შესაძლოა, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას შეთანხმდეს.

„ზოგიერთი საკითხი, რომელზეც ვერ მივედით საბოლოო, საერთო ხედვამდე, შეიძლება, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას შეთანხმდეს.

რაც შეეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რაზეც განსხვავებული ხედვა გვაქვს, ეს არის, თუ რას გულისხმობს შარლ მიშელის დოკუმენტი, როცა საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის სრულ განახლებაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.