სალომე სამადაშვილი - 7 ნოემბრის საკითხზე მიხეილ სააკაშვილმა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც ის გადადგა
7 ნოემბრის საკითხზე მიხეილ სააკაშვილმა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც ის გადადგა, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ მორიგ ჯერზე ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსს უწევს, მიმართოს საზოგადოებას სასამართლო დარბაზიდან.
„ვიდრე ჩვენს ქვეყანაში არ დასრულდება სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების გამოყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად, არ გვაქვს განვითარების შანსი. მთავარი გამოწვევა დღეს ეს არის. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ სააკაშვილის პროცესის მიმდინარეობისას. პოლიტიკური შეცდომებისთვის პოლიტიკოსები ფასს იხდიან ელექტორალურად და არა პოლიტიზებული პროკურატურის დახმარებით სასამართლო დარბაზში, სადაც წინასწარ შეთანხმებული განაჩენი გამოაქვს მოსამართლეს, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ რეჟიმთან მათი დაკვეთით. ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს გამოწვევა არის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება. რადგან მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა მოგვცემს შესაძლებლობას რეალურად, რომ შეიცვალოს ის ვითარება, რაშიც ცხოვრება გვიწევს; ის ვითარება, როდესაც სასამართლო გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ამისთვის მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი და პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელიც პარლამენტში რაც შეიძლება, სწრაფადაა მისაღები.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები არის პოლიტიზებული და ამაზე თანხმდება არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოება, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც. რაც შეეხება კონკრეტულად 7 ნოემბრის საქმეს, 7 ნოემბრის საკითხზე მიხეილ სააკაშვილმა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც ის გადადგა თანამდებობიდან; განსხვავებით, მაგალითად, 20 ივნისის მოვლენებისგან, როდესაც 20 ივნისის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრემიერ-მინისტრად დაუნიშნა სულ რამდენიმე კვირაში ამ მოვლენებიდან. ეს ორი ძალიან თვალსაჩინო განსხვავება არსებობს, როგორი რეაგირება მოახდინა ძალიან მძიმე პოლიტიკურ შეცდომებზე, როგორც ერთმა, ისე მეორე ხელისუფლებამ. ასე რომ, საზოგადოებამ თავად განსაჯოს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.