სალომე სამადაშვილი​ - ​ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ, ნიკა მელია რომ გათავისუფლდება, შემოგვიერთდება ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი, მათ შორის „ნაცმოძრაობიდან“
სალომე სამადაშვილი​ - ​ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ, ნიკა მელია რომ გათავისუფლდება, შემოგვიერთდება ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი, მათ შორის „ნაცმოძრაობიდან“

​ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ, ნიკა მელია რომ გათავისუფლდება, შემოგვიერთდება ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი, მათ შორის „ნაცმოძრაობიდან“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, შარლ მიშელს აუხსნეს, რატომ არის მნიშვნელოვანი, მოიძებნოს გზა ნიკა მელიას გასათავისუფლებლად, რომელიც არ უკავშირდება გირაოს გადახდას.

„პოლიტპატიმრების განთავისუფლება არის წინაპირობა იმისთვის, რომ ამ შეთანხმების სრულფასოვნად შესრულება შევძლოთ. ორი პოლიტპატიმარია, საუბარია გიორგი რურუაზე. ჩვენ ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს უახლოეს დღეებში. რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს, ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ავუხსენით პრეზიდენტ მიშელს, რატომ არის მნიშვნელოვანი, მოიძებნოს გზა მის გასათავისუფლებლად, რომელიც არ უკავშირდება გირაოს გადახდას.

გირაოს გადახდა არც იურიდიულად არსებობს და ეს არც ბატონი მელიას სურვილია. ხელისუფლება თუ არ გამოიყენებს რაიმე სხვა მექანიზმებს მის გასათავისუფლებლად უახლოეს დღეებში, მაშინ, შეთანხმების თანახმად, ერთ კვირაში, შემდეგ ორშაბათს, პარლამენტის ბიუროზე უნდა დარეგისტრირდეს უკვე ამნისტიის კანონი. ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მუშაობა დაიწყება ამ ამნისტიის კანონთან მიმართებაში. ამნისტიის კანონის მიღების შედეგად, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ კი, ჩვენ შევალთ იმ ფაზაში, რომ შემოგვიერთდება კიდევ ბევრი სხვა ოპოზიციონერი დეპუტატი, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ამის შემდეგ, უკვე სრული შემადგენლობით ოპოზიციას შეგვიძლია, ყველა სხვა საკითხზე, საარჩევნო რეფორმაზე და ა.შ. მუშაობა დავიწყოთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.