რიგაში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ‘’ბალტიკ ჰუპ-2018’’, სადაც საქართველოს ნაკრების ლიდერმა, სალომე ფაჟავამ წარმატებით იასპარეზა.
ქართველმა ტანმოვარჯიშემ 33 სპორტმენს შორის მრავალჭიდში 64,900 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა და მხოლოდ უკრაინელი ვლადა ნიკოლჩენკოს ჩამორჩა, რომელსაც ოთხი დისციპლინის ჯამში 65,900 ქულა დაუგროვდა. მესამე ადგილზე ბულგარელი კატრინ ტასევა გავიდა-63,000 ქულით.
ცალკეულ დისციპლინებში სალომე ფაჟავამ ბურთით ვარჯიშში ყველას აჯობა და ტურნირის ოქროს მედალი მოიპოვა, რგოლით ვარჯიშში კი კვარლცხბეკის მე-2 საფეხურზე ავიდა. გურზებით ასპარეზობაში სალომე მე-6, ხოლო ბაფთით ვარჯიშში მე-8 ადგილზე იყო, რადგან ერთ-ერთი ელემენტის შესრულებისას სიმაღლეზე ასროლილი ბაფთა ხალიჩის თავზე გამავალ ერთ-ერთ ძელაკს ჩამოეკიდა, რამაც, ცხადია, ქულებზე გავლენა იქონია.