საკულტო ფოტოს, რომელზეც სრული დედამიწა პირველად ასახეს მთელი თავისი დიდებულებით, 50 წელი შეუსრულდა — #1tvმეცნიერება
საკულტო ფოტოს, რომელზეც სრული დედამიწა პირველად ასახეს მთელი თავისი დიდებულებით, 50 წელი შეუსრულდა — #1tvმეცნიერება

7 დეკემბერს, ფოტოს, სახელად „ცისფერი მარმარილო“, 50 წელი შეუსრულდა. NASA-ს უკანასკნელი ეკიპაჟიანი მთვარის მისიის, „აპოლო 17“-ის წევრების მიერ დედამიწისთვის გადაღებულმა ფოტომ ჩვენში სამუდამოდ შეცვალა ჩვენი პლანეტის ვიზუალური აღქმა.

კამერა Hasselblad-ით გადაღებული ეს სურათი პირველი იყო, რომელზეც დედამიწის მთლიანი სიმრგვალე იყო ასახული. იქამდე, დედამიწა მხოლოდ ფრაგმენტირებულად გვქონდა ნანახი, რადგან უბრალოდ არ არსებობდა პლანეტის მთლიანობაში ვიზუალიზაციის გზა.

აპოლო 17-ის ეკიპაჟი მთვარისკენ მიემართებოდა, როდესაც ეს სურათი დედამიწიდან 29 000 კილომეტრის მანძილიდან გადაიღეს. სულ მალე, ის ჰარმონიისა და ერთიანობის სიმბოლო გახდა.

აპოლოს წინა მისიებს დედამიწა ნაწილობრივ დაჩრდილული ჰქონდათ გადაღებული. მათ შორის იყო ე. წ. დედამიწის ამოსვლა, რომელიც ჩვენი პლანეტის მთვარის ზედაპირზე ამოსვლას ასახავს.

„ცისფერ მარმარილოში“ დედამიწა კადრის ცენტრში ჩანს, კოსმოსში მოტივტივე. მკაფიოდ ჩანს აფრიკის კონტინენტი, ასევე ანტარქტიდა და სამხრეთ პოლარული ყინულის ქუდი.

ამგვარი ფოტოების გადაღება საკმაოდ რთულია. იმისათვის, რათა დედამიწა კოსმოსში მოტივტივე მთლიანი გლობუსის სახით დაინახო, ფრთხილად უნდა გათვალო განათება. მზე აუცილებლად პირდაპირ შენს უკან უნდა იყოს. ასტრონავტმა სკოტ კელიმ შენიშნა, რომ ამის დაგეგმვა საკმაოდ რთული იყო, როდესაც ორბიტაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობ.

ფოტო აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარე „კოსმოსური რბოლის“ ფართო კულტურული და პოლიტიკური კონტექსტის წინააღმდეგაა მიმართული და წარმოაჩენს დედამიწის სრულიად ნეიტრალურ ხედს, ყოველგვარი საზღვრების გარეშე.

შეუძლებელია, შეხედო „ცისფერ მარმარილოს“ და არ გაგახსენდეს დღევანდელი კლიმატის კრიზისის საგანგებო სიტუაცია.

ის სწრაფად გახდა ადრეული გარემოსდაცვითი მოძრაობის სიმბოლო. ფოტომ დედამიწის ხედვა და ვიზუალიზაცია ჩვენში სამუდამოდ შეცვალა.

„ცისფერი მარმარილო“ სრული დედამიწის ბოლო სურათია, რომელიც ნამდვილმა ადამიანმა გადაიღო ანალოგურ ფირზე, რომელიც შემდეგ, ეკიპაჟის დედამიწაზე დაბრუნებისას გაამჟღავნეს.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.