ჩეხეთში სასამართლომ ​დისკრიმინაციულად არ მიიჩნია სასტუმროს გადაწყვეტილება, არ მიიღოს რუსი სტუმრები, რომლებიც ყირიმის ანექსიას უჭერენ მხარს
ჩეხეთში სასამართლომ ​დისკრიმინაციულად არ მიიჩნია სასტუმროს გადაწყვეტილება, არ მიიღოს რუსი სტუმრები, რომლებიც ყირიმის ანექსიას უჭერენ მხარს

ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიჩნია დისკრიმინაციულად სასტუმროს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, არ მიიღოს ის რუსი სტუმრები, რომლებიც ყირიმის ანექსიას უჭერენ მხარს.

საუბარია ქალაქ ოსტრავაში მდებარე ოთხვარსკვლავიან სასტუმრო „ბრიონი ბუტიკ ჰოუტელზე“, რომლის მფლობელი ტომაშ კრჩმარჟია. 2014 წლის მარტში სასტუმროს ადმინისტრაციამ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო 49 რუსი სპორტსმენი არ შეუშვა. მოგვიანებით, სასტუმროს შესასვლელსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტეს, რომ შეზღუდვა არ გავრცელდება რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც წერილობით დაგმობენ რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიას.

მომხდარის გამო ჩეხეთის სავაჭრო ინსპექციამ დააჯარიმა სასტუმრო ორი ათასი ევროთი „ეროვნული ნიშნით მომხმარებელთა დისკრიმინაციისთვის“. კომისიის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ჩეხეთის უზენაესმა სასამართლომ, თუმცა ჯარიმა ათჯერ შეამცირა. ახლა კი საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ტომაშ კრჩმარჟის გადაწყვეტილებაში სამართალდარღვევის ნიშნები არ არის, არამედ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების გამოხატულება. საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ სასტუმროს ადმინისტრაციის პოლიტიკური შეხედულებები ემთხვევა ჩეხეთის ოფიციალურ პოზიციას, რომლის თანახმადაც ყირიმი უკრაინის განუყოფელი ნაწილია.

„უნდა შევახსენოთ ადამიანებს, რომლებიც ცუდად სწავლობდნენ ისტორიას, რა შეიძლება მოხდეს, თუ ზოგიერთ საკითხს ყურადღებას არ მივაქცევთ. რუსები აქ უკვე ოდესღაც იყვნენ. მე აღარ მინდა მათი აქ ყოფნა არც ჩემთვის, არც ჩემი შვილებისთვის“, – განაცხადა კრჩმარჟმა.

ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პრაღაში უკრაინის ელჩი ევგენ პერებინისი, რომელმაც გადაწყვეტილებას სიმბოლური უწოდა. დიპლომატის თქმით, სასტუმროს მფლობელი ხუთი წლის წინ გახდა ჩეხეთში პირველი ანტირუსული სანქციების ავტორი.