საკონსტიტუციო სასამართლო პროსტიტუციისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმებაზე მსჯელობს
საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დაიწყო არსებითი განხილვა საკითხზე, უნდა ისჯებოდეს თუ არა პროსტიტუცია, ანუ ფასიანი სექსუალური მომსახურება. სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიტანა.
პროსტიტუცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ისჯება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, „პროსტიტუცია გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“. იგივე მუხლი ითვალისწინებს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თუკი იმავე ქმედებას ადამიანი განმეორებით ჩაიდენს.
„ბუნდოვანია, რას ნიშნავს ტერმინი „პროსტიტუცია“. კანონის ეს ჩანაწერი კონსტიტუციით გარანტირებულ „პიროვნების თავისუფალი განვითარების“ უფლებას არღვევს, კონკრეტულად – „სექსუალური ქცევის არჩევის საშუალებას“, – აცხადებს საია-ს წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე.
პარლამენტის წარმომადგენელმა კითხვა დასვა, ქალები ნებაყოფლობით ხდებიან სექსმუშაკები, მაგრამ რამდენად არის ეს არჩევანი თავისუფალი.
„ჩვენ გვაქვს ის მოდელი, რაც არის სხვა რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად, ლიეტუვასა და ხორვატიაში პროსტიტუცია ითვლება საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილ სამართალდარღვევად, სადაც მოხდა პროსტიტუციის ლეგალიზება, იქ ვერ იქნა მიღწეული მიზანი – ძალადობის შემცირება. გასაგებია, რომ ქალები ნებაყოფლობით ხდებიან სექსმუშაკები, მაგრამ რამდენად არის ეს არჩევანი თავისუფალი? რეალურად, ვინც თავი დააღწია ამას, წლები დასჭირდათ იმისთვის, რომ ჯანმრთელობისთვის მიეხედათ“, – მიმართა საია-ს იურისტ გიორგი გოცირიძეს პარლამენტის ინტერესების დამცველმა, ქრისტინე კუპრავამ.
საია-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსარჩელე არ არის პროსტიტუციის ლეგალიზაციის მომხრე, მაგრამ რეგულაციები შეცვლას საჭიროებს.
სარჩელს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია იხილავს.