საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ბათუმში გაიმართება
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ბათუმში გაიმართება

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა რეგიონებში გრძელდება. დღეს შეხვედრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. მსჯელობას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ოპოზიციის წარმომადგენლები და კონსტიტუცინალისტები დაესწრებიან.

საერთო-სახალხო განხილვა კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მთავარი ცვლილება, რომელსაც ადგილობრივებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს, მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლებაა.

„როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დონეზეც განხორციელდება კონსტიტუციაშიც ცვლილებები იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციულად. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა აირჩევს პროპორციული წესით პარლამენტის წევრებს, ანუ ხმას მისცემს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, რაც ეხება ნულოვან ბარიერს, ეს არის ჯერ ჩვენი პოზიცია. არსებობს ალტერნატიული პოზიციაც, თუმცა ჩვენთვის ამ ეტაპზე ეს არ არის მისაღები. რაც გადაწყვეტილია და შეთანხმებულია, სრულად პროპორციულად ჩატარდება 2020-ის არჩევნები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვების კომისია რეგიონების შემდეგ, ბოლო შეხვედრას დედაქალაქში გამართავს. განხილვა თბილისში 30 სექტემბერს შედგება.