სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს

10:00, 15.02.2019

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს დანაშაულში მხილებულმა პირმა გაიმარჯვა სახელმწიფო ტენდერში, რომლის საფუძველზე სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ჯამში 200 მ3 შეშა უნდა მიეწოდებინა.

ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქონლის მიღება-ჩაბარების აქტებში გააყალბა რეალურად მიწოდებული შეშის მოცულობა და ფაქტობრივად, გადაცემული 74 მ3 შეშის ნაცვლად, ანაზღაურება მოითხოვა და მიიღო შეშის სრულ – 200 მ3 მოცულობაზე. ამგვარად, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 7 768 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე, 210-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი