სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის, ბუტა ანთაძის ოჯახს, ასევე ბათუმში დაჭრილ ორ პოლიციელს ბინები გადაეცათ
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის, ბუტა ანთაძის ოჯახს, ასევე ბათუმში დაჭრილ ორ პოლიციელს ბინები გადაეცათ

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის, ბუტა ანთაძის ოჯახს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, ოთარ თავართქილაძესა და მისი მეწყვილე ავთანდილ მჟავანაძეს ბინები და მედლები გადასცა.

შსს-ს ინფორმაციით, ბუტა ანთაძის ოჯახს, პატრულ-ინსპექტორ ოთარ თავართქილაძესა და მის მეწყვილე ავთანდილ მჟავანაძეს ბათუმში ბინები საჩუქრად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით გადაეცათ.

ასევე, მედლებით დაჯილდოვდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი მიხეილ დილიმაშვილი და პატრულ ინსპექტორი ირაკლი იფშირაძე, მოქალაქე რაულ თებიძემ კი, მადლობის სიგელი მიიღო.

დაღუპული პოლიციელი ბუტა ანთაძე გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით – „მამაცობისთვის“. მედალი მის მეუღლეს გადაეცა.

მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი ბუტა ანთაძე 2018 წლის 15 ივნისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ქობულეთში დაიღუპა.

ამასთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი ოთარ თავართქილაძე და მისი მეწყვილე ავთანდილ მჟავანაძე  დაჯილდოვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით – „მამაცობისთვის”. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს, მიხეილ დილიმაშვილსა და პატრულ-ინსპექტორ ირაკლი იფშირაძეს კი, გადაეცათ მედალიონები -„განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.

შსს-ს ინფორმაციით, გასული წლის 18 დეკემბერს პატრულ-ინსპექტორი ოთარ თავართქილაძე მეწყვილესთან, ავთანდილ მჟავანაძესთან ერთად ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულე მოქალაქემ ეკიპაჟი გააჩერა. მოულოდნელად მოქალაქემ ოთარ თავართქილაძე ცივი იარაღით დაჭრა. ავთანდილ მჟავანაძემ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. თუმცა, დაკავებისას, აღნიშნულმა პირმა მასაც მიაყენა ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა. ოთარ თავართქილაძე საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, მიხეილ დილიმაშვილმა; პატრულ- ინსპექტორმა ირაკლი იფშირაძემ და ფაქტის შემსწრე მოქალაქე რაულ თებიძემ, რომელმაც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და  დაჭრილი პოლიციელი არ მიატოვა, საავადმყოფოში დროულად გადაიყვანეს.

„დღეს შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ პატივისცემა, მადლიერება, მხარდაჭერა ჩვენი გმირი პოლიციელების, მათი ოჯახების მიმართ. მოგეხსენებათ, გადაეცათ ბინები, ერთ-ერთი იყო ბუტა ანთაძე, რომელიც დაიღუპა 2018 წელს სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის შესრულების დროს. ასევე გადაეცა ორ თანამშრომელს – თავარქთილაძესა და მჟავანაძეს. შემთხვევა ახლახან მოხდა ბათუმში, როდესაც პირი თავს დაესხა და უმძიმესად დაჭრა თავართქილაძე, დაკავების დროს დაიჭრა მჟავანაძეც და მათაც გადაეცათ ბინები. ჯილდოები გადავეცით, მადლობა გადავუხადეთ, ეს ადამიანები ნამდვილი გმირები არიან“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ბუტა ანთაძის დაღუპვით გამოწვეულ სირთულეს ოჯახს ვერავინ შეუმსუბუქებს, თუმცა სახელმწიფო მათ გვერდით დგომას გამოხატავს.

„ურთულესია, რომ ბუტა ანთაძე დავკარგეთ. პირველ რიგში ოჯახს ამას ვერ შევუმსუბუქებთ ვერანაირად, თუმცა რაც შეგვიძლია, ეს მცირე გვერდით დგომა გამოვხატოთ, ამას ვაკეთებთ მთლიანად სახელმწიფო“, – განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბათუმში.